ალექსეი ნავალნის საქმე

კანადამ 9 რუს მაღალჩინოსანს ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნი

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შეთანხმებული დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია. სანქციების მიზანია, წნეხის ქვეშ მოაქციოს რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას და შემდეგომ სასამართლო დევნასთან და ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე მოქალაქეების დაკავებასთან არიან დაკავშირებულები. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მიღებული ზომები შეესაბამება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს.

კანადის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:

  • ალექსანდრ ბორტნიკოვი - ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) დირექტორი
  • ალექსანდრ კალაშნიკოვი - სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მეთაური
  • სერგეი კირიენკო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • იგორ კრასნოვი - პროკურორი
  • ალეკსეი კრივორუჩკო - თავდაცვის მინისტრის მოადგილე
  • პაველ პოპოვი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე
  • ანდრეი იარინი - საშინაო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
  • ვიქტორ ზოლოტოვი - რუსეთის გვარდიის მეთაური
  • სერგეი მენიალო - რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ციმბირში

კრემლი საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

ევროკავშირმა კი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის უფროსს, ალექსანდერ ბასტრიკინს, გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს, ეროვნული გვარდიის უფროსს, ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური ციხის უფროსს, ალექსანდერ კალაშნიკოვს აქტივები გაუყინა. მათ ასევე სამოგზაურო აკრძალვების დაუწესდათ.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები