ალექსეი ნავალნი

მემუარებში ნავალნი წერდა, რომ იგი ციხეში გარდაცვალებას ელოდა

New York Times-ის, The New Yorker-ის, Der Spiegel-ისა და El Pais-ის მიერ გამოქვეყნებული მემუარების ნაწყვეტების მიხედვით, თებერვალში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წერდა, რომ იგი ციხეში გარდაცვალებას ელოდა. 

"ცხოვრების დარჩენილ ნაწილს ციხეში გავატარებ და აქვე მოვკვდები. არავინ იქნება, ვისაც დავემშვიდობები... ყოველ დღესასწაულს ჩემ გარეშე აღნიშნავენ. მე ვერასდროს ვნახავ ჩემს შვილიშვილებს", - წერდა ნავალნი 2022 წლის 22 მარტს. 

გამოცემა BBC-ის ცნობით, ნავალნის მემუარები, სახელად პატრიოტი სრულად 22 ოქტომბერს გამოქვეყნდება. 

მემუარების ნაწყვეტების პრეზენტაციაზე გამოცემა The New Yorker-ის ჯგუფმა თქვა, რომ რუსეთის ტყვეობაში ყოფნის დროს ნავალნიმ, თავისი ჯგუფის დახმარებით, სოციალურ ქსელებში დღიურის რამდენიმე თავის გამოქვეყნება შეძლო. 

"შეუძლებელია, ნავალნის ციხის დღიური ისე წაიკითხო, რომ არ აღგაშფოთოს მისი ტანჯვის ტრაგედიამ და გარდაცვალებამ", - თქვა The New Yorker-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა, დეივიდ რემნიქმა. 

ბოლო ნაწყვეტში, რომელიც აღნიშნულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, 2024 წლის 17 იანვარს ნავალნი წერს, რომ მას სხვა პატიმრები და ციხის მცველები ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რატომ დაბრუნდა იგი რუსეთში. 

პასუხი, როგორც ამას ნავალნი წერს, მარტივია: "არ მინდოდა დავნებებულიყავი ჩემი ქვეყნის წინაშე ან მეღალატა მისთვის. თუ შენი ბრალდებები რაიმეს ნიშნავს, მზად უნდა იყო, რომ მათ წინაშე წარდგე და, თუ საჭირო იქნება, გაიღო შესაბამისი მსხვერპლიც". 

ცოტა ხნის წინ საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში მოწამლეს. გამოცემამ მათ მიერ მოპოვებულ ასობით ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ სიკვდილამდე ნავალნი მუცლის მწვავე ტკივილს, ღებინებასა და კრუნჩხვებს უჩიოდა, ხოლო ეს სიმპტომები რუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დამალა.

გამოცემა რეანიმატოლოგ ალექსანდრ პოლუპანს ესაუბრა, რომელიც ნავალნის 2020 წელს ომსკის საავადმყოფოში Новичк-ით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მისი თქმით, დოკუმენტებში მოცემული სიმპტომები სიკვდილის ოფიციალურად გამოცხადებულ მიზეზს არ შეესაბამება.

"სიკვდილის ოფიციალური ვერსია - გულის რიტმის დარღვევა - ვერანაირად ვერ ახსნიდა იმ სიმპტომებს, რომლებსაც დოკუმენტებში ვხედავთ: მუცლის მწვავე ტკივილი, ღებინება და კრუნჩხვები. ამგვარი სიმპტომები მოწამვლის გარდა სხვა რამით ძნელად აიხსნება. მუცლის ტკივილსა და კრუნჩხვებს შორის დროის მცირე მონაკვეთი იმაზე მიუთითებს, რომ ეს, მაგალითად, ორგანოფოსფატური ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო (ამავე კლასს განეკუთვნება ასევე Новичок-ი), ოღონდ გამოყენებული იყო არა კანიდან შეღწევით, არამედ შინაგანი შეღწევით". - თქვა პოლუპანმა.


ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავებოდა. 

დაკავების შემდეგ ნავალნის დამატებითი ბრალდებები წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში მას სასჯელაღსრულების კოლონიაში პირობითი სასჯელის დარღვევისთვის 2.8 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით, 2021 წლის მარტში იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ცილისწამებისთვის გაასამართლეს. 2022 წლის მარტში ნავალნის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბოლოოდ, 2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა

ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს პატიმრობაში, რუსეთის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

კომენტარები