ალექსეი ნავალნი

რუსეთში ნავალნის ოფისები "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს

ალექსეი ნავალნი

30 აპრილს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ნავალნის თანამოაზრემ, ლეონიდ ვოლკოვმა, თქვა, რომ ნავალნის რეგიონული კამპანიის ოფისების ქსელი რუსეთში იშლებოდა.

ამჟამად მოსკოვის სასამართლო განიხილავს, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად უნდა გამოაცხადოს თუ არა.

იმ შემთხვევაში, თუ ნავალნის ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოცხადდება, ეს ნავალნის მოკავშირეებს და სხვა აქტივისტებს სხვადასხვა საქმიანობას უფრო შეუზღუდავს, აქციებში მონაწილეობისკენ მოწოდება დასჯადი გახდება. ამ გადაწყვეტილების შედეგად ორგანიზაციის წევრებსა და მხარდამჭერებს შეიძლება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.

აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს რუსეთის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა, რათა დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ანტიკორუფციულ ფონდს და მის კიდევ ერთ ორგანიზაციას, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს ზოგიერთი საქმიანობა შეუჩერონ

გასული წლის ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა. ფონდი  უცხოეთის აგენტთა სიაში 2019 წლის 9 აგვისტოს შეიყვანეს. 

31 იანვარს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები