ალექსეი ნავალნი

რუსეთში ნავალნის ორგანიზაციებს საქმიანობას ნაწილობრივ უკრძალავენ

რუსეთის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა, რათა დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ანტიკორუფციულ ფონდს და მის კიდევ ერთ ორგანიზაციას, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს ზოგიერთი საქმიანობა შეუჩერონ. 

"მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განიხილა მოსარჩელის შუამდგომლობა დაცვის დროებითი ზომების მიღების შესახებ. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვიტა, გამოიყენოს დაცვის შუალედური ზომები არაკომერციული ორგანიზაციების, ანტიკორუფციული ფონდისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდის გარკვეული ქმედებების აკრძალვის სახით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

სასამართლოს განცხადების თანახმად, ორგანიზაციებს ყველა საქმიანობას არ უჩერებენ, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა სახის საქმიანობას უკრძალავენ.

"პირობას ვდებთ, რომ არ გავაკეთებთ ისეთ რამეს რაც არ ვიცით!" - ანტიკორუფციული ფონდიდან გადაწყვეტილებას ირონიულად გამოეხმაურნენ

ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი, ამბობს, რომ ფონდი თავის საქმიანობაში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.

ამასთან ერთად, რუსი პროკურორები  მოითხოვენ, რომ ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაცია და მისი რეგიონალური ოფისები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ნავალნის ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოცხადდება, ეს ნავალნის მოკავშირეებს და სხვა აქტივისტებს სხვადასხვა საქმიანობას უფრო შეუზღუდავს, აქციებში მონაწილეობისკენ მოწოდება დასჯადი გახდება. 

გასული წლის ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა. ფონდი  უცხოეთის აგენტთა სიაში 2019 წლის 9 აგვისტოს შეიყვანეს. 

31 იანვარს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები