რუსეთი

ყველაზე ძვირიანი სასახლე მსოფლიოში - ნავალნის გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე

რუსეთი

ყველაზე ძვირიანი სასახლე მსოფლიოში - ნავალნის გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე

ალექსეი ნავალნის სამშობლოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკოსის Youtube არხზე გამოქვეყნდა ვრცელი გამოძიება ვლადიმერ პუტინის დამალული სასახლის შესახებ. სასახლეს ნავალნი უწოდებს "სახელმწიფოს სახელმწიფოში" და მის ღირებულებას 100 მილიარდ რუბლად აფასებს, რაც დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარია.

ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობამდე 

ალექსეი ნავალნის გამოძიება იწყება გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში, სწორედ აქ მსახურობდა და ცხოვრობდა ვლადიმერ პუტინი - საბჭოთა კაგებეს რიგითი თანამშრომელი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის შტაზის არქივში სტუმრობის შემდეგ ნავალნი ასაჯაროებს ფოტოებს და სამუშაო დოკუმენტებს, რომლებზეც 33 წლის ვლადიმერ პუტინი მის თანამშრომლებთან ერთადაა აღბეჭდილი. პუტინის ძველი თანამშრომლები და მეგობრები დღეს რუსეთის უმდიდრესი ადამიანები და სტრატეგიული აქტივების მფლობელები არიან.

მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან ერთად მსახურობდა სერგეი ჩემეზოვი, რომელიც დღეს უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის "როსტეხის" მმართველია. პუტინთან ერთად მსახურობდა ნიკოლაი ტოკარევი, რომელიც დღეს კომპანია "ტრანსნეფტის" ხელმძღვანელია. იმის შესახებ, რომ ორი მსხვილი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელები ადრე ვლადიმერ პუტინთან ერთად გერმანიაში მსახურობდნენ, რუსული მედია ადრეც საუბრობდა. ორივე მათგანმა 90 წლის იუბილე მიულოცა ლაზარ მატვეევს, რომელიც ვლადიმერ  დრეზდენის რეზიდენტურაში პუტინის უშუალო ხელმძღვანელი იყო. 

ვლადიმერ პუტინი ოფიციალურ შეხვედრაზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 1987 წელი

ჩემეზოვისა და ტოკარევის ოფიციალურ ბიოგრაფიებში არ არის მითითებული, რომ ისინი კაგებეს თანამშრომლები იყვნენ, თუმცა ნავალნის ფონდმა შტაზის არქივიდან შესაბამისი დოკუმენტაცია მოიპოვა. როგორც ირკვევა, ჩემეზოვი და ტოკარევი ერთ კაბინეტში მუშაობდნენ. 

გამოძიებაში ასევე მოყვანილია ვლადიმერ პუტინის ყოფილი ცოლისა და მისი გერმანელი მეგობრის, ირენ პიტჩის წერილები. ლუდმილა პუტინმა და ირენ პიტჩმა მიმოწერა 1990 წელს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვლადიმერ პუტინის საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სამშობლოში დაბრუნება მოუწია. როგორც წერილებიდან ირკვევა, ვლადიმერ პუტინის ოჯახი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პეტერბურგის მერიაში მუშაობდა, წელიწადში რამდენიმეჯერ ისვენებდა ევროპულ კურორტებზე.  ლუდმილა პუტინა მეგობარს წერს, როგორ ისვენებდა ოჯახი საფრანგეთში ზღვისპირას ზაფხულში და ზამთარში სათხილამურო კურორტზე. პუტინა ასევე ყვება, როგორ გაატარეს 6 კვირა შვეიცარიულ დავოსში, შამალოვების ოჯახთან ერთად. მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა კირილ შამალოვის შვილზე იქორწინა.

ორსაათიანი გამოძიების პირველი ნაწილი მოგვითხრობს, როგორ გაიცნო და დაუკავშირდა კაგებეს რიგითი, მაგრამ ამბიციური თანამშრომელი, ვლადიმერ პუტინი, ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით მისი უახლოესი გარემოცვის წევრები და მისი მთავარი აქტივების მფლობელები გახდნენ. ჩემეზოვისა და ტოკარევის გარდა საუბარია ნიკოლაი ეგოროვზე, სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია პუტინს სანქტ-პეტერბურგის მერიაში. გამოძიების პირველ ნაწილში საუბარია ვლადიმერ პუტინის ძველ მეგობრებზე და საქმიან ურთიერთობებზე, მათ შორის ალექსეი მილერთან, რომელიც დღეს გაზპრომის ხელმძღვანელია. ასევე, გენადი ტიმჩენკოზე, რომელიც წლების განმავლობაში რუსული ნავთობის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებებს ფლობდა. 

საიდუმლო სასახლე 

ალექსეი ნავალნის გამოძიების მეორე ნაწილი მდიდრულ სასახლეზეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე გელენჯიკის მახლობლად მდებარეობს. "პუტინის სასახლის" შესახებ მედიისთვის ცნობილი ჯერ კიდევ 2010 წელს გახდა, როდესაც ბანკი "რასიას" თანამფლობელმა და მმართველმა, სერგეი კოლესნიკოვმა ღია წერილით მიმართა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს. წერილში კოლესნიკოვი პრეზიდენტს წერდა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ვლადიმერ პუტინისთვის შენდება უზარმაზარი სასახლის კომპლექსი. ვლადიმერ პუტინი, ამ დროისთვის, პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა. კოლესნიკოვი თქმით, სასახლის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი, ლაფრანკო ჩირილოა. ჩირილო 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთში საქმიანობდა, მისი თქმით, მან დააპროექტა 43 რუსი მილიარდელის სახლი. ჩირილოს შესრულებული აქვს რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო შეკვეთაც, მათ შორის გაზპრომისგანაც. 2010 წელს იტალიური არქიტექტურული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩირილო სიამაყით იხსენებდა, მის მიერ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში აგებულ 100 მეტრიან ხის ხიდს. ჩირილო არ ასახელებს დამკვეთის ვინაობას და ამბობს, რომ "კლიენტს"  ხიდის ნახვის დროს თან ახლდა პირადი დაცვა და ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ მის მიერ აშენებულ ხიდს. ჩირილოს თქმით, "კლიენტმა" ხიდზე მხოლოდ მას შემდეგ გაირა, რაც ჩირილო თავისი ავტომობილით გადავიდა მასზე. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილის საფუძველზე, ჩირილომ რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო.

კრემლის პრესსამსახურში არაერთხელ განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინს სასახლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კოლესნიკოვის წერილის გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ პროექტი ნოვოროსიისკის სავაჭრო პორტის მფლობელმა, ალექსანდრ პონამარენკომ 350 მილიონ დოლარად შეიძინა, თუმცა კოლესნიკოვი ამბობდა, რომ აღნიშნული გარიგებით პროექტის მიზანი და რეალური მფლობელი უცვლელი რჩებოდა. 

აღნიშნული კომპლექსი ფართობით 39-ჯერ აღემატება მონაკოს სამეფოს ფართობს, ხოლო უშუალოდ მთავარი სახლის ფართობი 17 691 კვადრატული მეტრია. სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობს ხოკეის დახურული მოედანი, მთაში გაჭრილი გვირაბი პლიაჟზე გასასვლელად, ორანჟერეა, სპეციალური სახლი პერსონალისთვის, 100 მეტრიანი ხის ხიდი, რომელიც სტუმრების განკუთვნილი სახლისკენ მიდის, ნაგებობის ფართობი 2 500 კვადრატული მეტრია. მთაში გვირაბის გარდა გაჭრილია გასასვლელი ე.წ. სადეგუსტაციო ოთახში, საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება ზღვაზე. 

სასახლის ირგვლივ 7 000 კვადრატული მეტრი მიწა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ФСБ] კუთვნილებაშია. უწყებას სრულად იზოლირებული აქვს კომპლექსის ტერიტორია და არავის აძლევს სასახლესთან მიახლოების საშუალებას. სასახლესთან მიახლოება შეუძლებელია ზღვიდანაც, სადაც გაძლიერებული სანაპირო დაცვა პატრულირებს, კომპლექსთან მიახლოება შეუძლებელია ჰაერიდანაც, რადგან ტერიტორია ოფიციალურად ასაფრენ ზონადაა გამოცხადებული. 

როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, პროექტზე მომუშავე ოპერატორმა, მათ კომპლექსის სრული არქიტექტურული გეგმა და ნახაზი მიაწოდა, რომელიც სხვა რამეებთან ერთად შენობის შიდა ინტერიერის უმცირეს დეტალებსაც მოიცავს. ნავალნის თქმით, სწორედ ამ გეგმის საფუძველზე მათ შეუკვეთეს სამგანზომილებიანი დეტალური პროექცია. სწორედ ამ პროექციით არის წარმოდგენილი სასახლის შიდა ინტერიერი. 

სასახლეში რამდენიმე უჩვეულო ოთახია, მათ შორის უზარმაზარი ბასეინის გასწვრივ არის მოცულობითი სივრცე შადრევანით, რომელსაც აკვადისკოთეკას უწოდებენ. სასახლის შიგნით მდებარეობს გარდერობების ოთახები მოსამსახურე პერსონალისთვის. აქვეა თევზისა და ხორცის, ბოსტნეულის, კვერცხის დამუშავებისა და საცხობი ე.წ. ცეხები. აქვე მდებარეობს "ტალახის საწყობი, რომელშიც სავარაუდოდ სამკურნალო ტალახი ინახება და მუშავდება. 

გარდა ამისა, სახლშივე მდებარეობს შენობა, რომელიც ძალიან ჰგავს საშინაო თეატრს, დაახლოებით ისეთს, როგორსაც ფეოდალურ რუსეთში ფლობდნენ მემამულეები. ცალკე სივრცეშია მოწყობილი ჩილიმის ოთახი, რომელიც აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი, ამ ოთახის ცენტრშია მცირე სცენა, რომელზეც აღმართულია საგანი, რომელიც ძალიან ჰგავს სტრიპტიზისთვის განკუთვნილ ბოძს. აქვე მდებარეობს საშინაო კაზინო, რომელშიც განთავსებულია რულეტის რამდენიმე მაგიდა და მოწყობილია სხვადასხვა სათამაშო აპარატების სივრცე. 

განსაკუთრებით საინტერესოა ავეჯი, რომლითაც მორთულია სასახლე. ავეჯის უდიდესი ნაწილი დამზადებულია იტალიური ექსკლუზიური პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებში. მაგალითად, სასახლეში განთავსებული ერთ-ერთი ტახტის ფასი 4 მილიონი რუბლი ღირს, რაც დაახლოებით, 55 000 დოლარია, აქვეა საპირფარეშოში დასადგომი მცირე ზომის მაგიდები, რომელთა ღირებულებაც 25-30 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

განსაკუთრებით საინტერესოა, სასახლის ცენტრალური კარიბჭე, რომელიც პეტერბურგში მდებარე "ზიმნის" სასახლის ჭიშკრის ზუსტი ასლია და მის თავზე ორთავიანი არწივის ფიგურაა გამოსახული. 

ვინ ფლობს სასახლეს?

ნავალნის ფონდის მტკიცებით, სასახლის ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელი ვლადიმერ პუტინია. ამ დროისთვის აღნიშნული კომპლექსი სააქციო საზოგადოება "ბინომს" ეკუთვნის. აქციონერთა კრებაზე "ბინომის ინტერესებს კომპანია "აქცენტის" თანამშრომლები წარმოადგენენ. ეს კომპანია კი, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის დედის ძმისშვილს, მიხაილ შელომოვს ეკუთვნის, ამავე კომპანიის მფლობელობაშია ბანკ "რასიას", "გაზპრომის" და "სოგაზის მინორიტარული აქციები". 

გამოძიების მიხედვით, სასახლის ფინანსირება ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა მისი მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტი აღნიშნული სასახლის ანგარიშზე ყოველთვიურად 120 მილიონ რუბლს რიცხავს. ჯამურად, ბოლო 4 წლის განმავლობაში, კომპლექსის ანგარიშებზე მხოლოდ "ტრანსნეფტმა" 4 მილიარდ რუბლი გადარიცხა, რაც დაახლოებით 55 მილიონი დოლარის ექვივალენტია. 

გარდა ამისა, ბოლო 3 წლის განმავლობაში სასახლის ირგვლივ მდებარე ვენახებისა და საღვინე მეურნეობების ანგარიშზე სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიების მხრიდან 35 მილიარდი რუბლია გადმორიცხულია, რაც 475 მილიონ დოლარს უტოლდება. 

 

კომენტარები