პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე სანქციებზე: სპეკულაციურია, რომ მაინცდამაინც აქციების კონტექსტში უნდა განვიხილოთ

ტაბულა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეხვედრა დასრულდა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტი მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ესაუბრა.

"აქამდე იყო ხარვეზი, პოლიციის მდგომარეობას, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ცუდ მდგომარეობაში აყენებდა. მე მგონია, რომ ის მესიჯიც სპეკულაციურია, მაინცდამაინც აქციებთან დაკავშირებით კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ აქციებთან დაკავშირებით. თუკი აქციაზე რაღაც ჯარიმა იწერება, არ დაემორჩილა ან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს 99% და გაცილებით მეტი კიდევ იწერება ჩვეულებრივ შემთხვევაში, როდესაც აქციებზე საუბარი საერთოდ არ არის. 

[...] მოდით განწყობებზე ნუ ვილაპარაკებთ, მას ჩვენთან არ შეუმჩნევია და მით უმეტეს არ მოუხდენია დეკლარირება თავისი განწყობის. მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა". – თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ქვეყნის პარტნიორების შეფასებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ კანონპროექტის სამართლებრივი არგუმენტაცია ძალიან მყარია, ხოლო პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ აზრები ყველაფერში ბუკვალურად უნდა ეთანხმებოდეს. 

"შარლ მიშელის დოკუმენტთან ეს არაფერ შუაშია და ვინც ამას აკავშირებს მათი და ჩვენი აზრები ერთმანეთს აბსოლუტურად არ ემთხვევა. ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, ნებისმიერი დაკავშირება და სამართლებრივი არგუმენტაციის დისკრედიტაცია, იმიტომ რომ სამართლებრივი არგუმენტაცია ძალიან მყარია, ჩვენს აზრებს არ ემთხვევა. მეგობრობა, პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ბუკვალურად უნდა ეთანხმებოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთს". – თქვა მდინარაძემ

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც. მას შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

6 მაისს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ოპოზიციის მიაჩნია, რომ ზურაბიშვილმა ქართული ოცნების კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. 


29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირაქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამკაცრებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და დაწერა, რომ ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა".

კომენტარები