საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები

შალვა პაპუაშვილი ბოლო პერიოდში ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ანგარიშებმა "საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები."

პაპუაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტმა ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას.

"ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები. ევროკავშირის სახელის და ევროპული ინტეგრაციის იდეის გამოყენებით ევროპარლამენტმა პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის, რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები. ეს წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას.

დემოკრატია ეფუძნება ხალხის სუვერენიტეტს, ხოლო ევროპარლამენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანის ნაცვლად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნდობით უნდა განისაზღვროს. ასეთ მიდგომაში იკვეთება არა თანასწორ პარტნიორთა კავშირის, არამედ ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტი ხალხის ბუნებრივი უფლება კი არ არის, არამედ ზემოდან მინიჭებული პრივილეგიაა." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ივანიშვილის წარმომადგენელმა ევროპარლამენტი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუტოლა და თქვა: "ამგვარად, პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე."

პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი შეეხო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რითიც შეურაცხყოფა მიაყენა მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. მისი თქმით, ქართული ოცნებისთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას.

"უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნია სახელმწიფო უფლებამოსილება, ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს. ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დეფაქტო ხელისუფლებად აცხადებს. მსგავსი დამოკიდებულება უპატივცემულობაა 2 100 000 ამომრჩევლის მიმართ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება გამოხატეს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება. ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს.

ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე. როდესაც ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ძალები ასე დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ დივერსიას დუმილით ან მხარდაჭერით პასუხობენ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავად ხელი დაიბანონ და პასუხისმგებლობა ყველასგან მოძულებულ ევროპარლამენტს გადააბრალონ. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას." - ამბობს პაპუაშვილი.

ბრიფინგზე ქართული ოცნების წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. მისი შეფასებით, ფარისევლობაა, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო მეორე მხრივ, თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს.

"ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია, შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა, დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ფარისევლობაა, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო მეორე მხრივ, თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს. საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპების ასეთი შერჩევითი გამოყენება ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უარს ამბობს სახელმწიფოთა თანასწორობისა და ხალხთა თავისუფალი ნების პატივისცემაზე და მსოფლიოს იმ ეპოქისკენ აბრუნებს, როდესაც ხალხების ბედს მეტროპოლიები განსაზღვრავდნენ და არა თავად ამ ქვეყნის მოსახლეობა." - განაცხადა ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) გუშინ, 24 ივნისს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 1 იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. 

17 ივნისს კი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია და პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტია ქართულ ოცნებას ეკისრება.

კომენტარები