რუსეთი

რუსეთის პოლიციამ შენობაზე ნავალნის ნახატი საღებავით გადაღება

რუსეთის პოლიციამ სანქტ-პეტერბურგის ცენტრში შენობაზე დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ნახატი ყვითელი საღებავით გადაღება.

ნახატის გვერდით ვკითხულობთ წარწერას - "ახალი დროის გმირი". მხატვარი უცნობია. 

ნავალნის თანამოაზრე, ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი სოციალურ მედიაში გამოეხმაურა მთავრობის ქმედებას:

"ასე ცვლიან ყველაფერს, ცოცხალი და ლამაზიდან – უპიროვნოსა და მკვდარში. ჩვენთვის რუსეთი ბედნიერებისთვის არის, მათთვის კი წყვდიადისა და სტაგნაციისთვის".

ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოლონიაში გადაყვანის შემდეგ გაუარესდა. 31 მარტს შიმშილობა დაიწყო. ის სათანადო სამედიცინო დახმარებას და მასთან დამოუკიდებელი ექიმების დაშვებას ითხოვდა. ნავალნის ზურგის ძლიერი ტკივილები და კიდურების დაბუჟება აწუხებდა. მაგნიტო-რეზონანსური ტომოგრაფიით მას ხერხემლის თიაქარი გამოუვლინდა. 18 აპრილს ის პოკროვის კოლონიიდან ვლადიმირის კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ორჯერ მოინახულეს ექიმებმა. 22 აპრილს ნავალნის მკურნალმა ექიმებმა პოლიტიკოსს მოუწოდეს შიმშილობა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა. მომდევნო დღეს, 23 აპრილს ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. ნავალნისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენით რუსეთის ხელისუფლებას ბევრმა რუსმა და უცხოელმა ცნობილმა ადამიანმა მიმართა.

კომენტარები