ალექსეი ნავალნის საქმე

ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო

ალექსეი ნავალნი
Reuters

რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Instagram-ის საშუალებით ავრცელებს. მისი მთავარი მოთხოვნაა კანონის აღსრულება და მასთან ექიმის დაშვება.

"დავიწყე შიმშილობა იმ მოთხოვნით, რომ აღასრულონ კანონი და დაუშვან ჩემთან ექიმი. და ასე ვწევარ მშიერი, ჯერჯერობით ორი ფეხით". – წერს ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი წერს, რომ ზურგიდან ტკივილი ფეხებშიც გადაუვიდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მასთან ექიმს არ უშვებენ.

„მაქვს უფლება, მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამლები. არც ერთს და არც მეორეს ჯიუტად არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა, ახლა კი მარცხენა ფეხის მონაკვეთებშიც, დავკარგე მგრძნობელობა, ხუმრობა იქეთ იყოს და ეს მართლა გასაბრაზებელია". – წერს ალექსეი ნავალნი


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები