ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

ალექსეი ნავალნი
Meduza

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი Instagram პოსტში ამბობს, რომ შიმშილობას წყვეტს. 

პატიმრობაში მყოფი ნავალნი 31 მარტის შემდეგ შიმშილობდა. 

"ექიმებს, რომელთაც ვენდობი, გუშინ გამოაქვეყნეს განცხადება, რომ ჩვენ მივაღწიეთ საკმარისს, იმისთვის, რათა შიმშილობა შევწყვიტო.  პირდაპირ გავიმეორებ მათ ნათქვამს, რომ ანალიზის ჩვენებით მცირე ხანში სამკურნალო აღარავინ იქნებოდა... ეს სიტყვები ყურადღების მიქცევას იმსახურებდა" - წერს ალექსეი ნავალნი. 

შიმშილობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად ის იმასაც ასახელებს, რომ ზოგიერთებმა  მისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად თავადაც დაიწყო შიმშილი. 

ნავალნის ჯანმრთელობა შიმშილობის გამო მძიმე მდგომარეობაშია. რამდენიმე დღის წინ ალექსეი ნავალნი პოკროვის № 2 კოლონიიდან ვლადიმირის № 3 კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის ადვოკატის, ვადიმ კობზევის თქმით, პოლიტიკოსი კოლონიის ტუბერკულოზის საავადმყოფოს ერთკაციან განყოფილებაში იმყოფებოდა და მისი ერთადერთი მკურნალობა გლუკოზის წვეთოვანი იყო.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები