პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ამნისტიის დარღვევით ოცნებამ შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმაურება. ვაშაძე ამბობს, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტია შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია და მისი დარღვევით, შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ მთლიანი შეთანხმება დარღვეულად ჩათვალოს. 

"გირაოს მიუხედავად, ამნისტიის მოთხოვნა ეს იყო დასავლეთის პოზიცია, რომ დაიხუროს მელიას და სხვა დემონსტრანტების საქმეები, არა ის, რომ თუ გირაოს გადაიხდის, მაშინ ამნისტია აღარ გვჭირდება. გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ ისევ არ დავბრუნდებით იგივე მოჯადოებულ წრეში. [...] თუ ჩვენ ამ შეთანხმებაში დავარღვევთ ერთ კონკრეტულ კომპონენტს, ეს შემდეგ გადავა ავტომატურად სხვა საკითხებზე. მერე დაგვიწყებენ, რიგგარეშე არჩევნები რატომ არის მაშინ მიბმული თვითმმართველობის შედეგზე, მერე გვეტყვიან, რომ საარჩევნო კოდექსში ეს რატომ უნდა შევიტანოთ, ეს ნიშნავს ხელახლა ამ ყველაფრის დაწყებას. 

ევროკავშირის გადახდილ გირაოს თუ დათანხმდება, ის 3 დღეში გამოვა, შემოვა პარლამენტში და იქ შეგვიძლია ამნისტიაზეც ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისას, თვითონ შეთანხმება, შეიძლება, მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს ქართულმა ოცნებამ". – თქვა ვაშაძემ TV პირველის ეთერში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები