პოლიტიკური კრიზისი

ოხანაშვილი ამნისტიაზე: გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, კონვეცნიურ სტანდარტს დავიცავთ

პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, 2019 წლის 19-21 ივნისის ამნისტია გავრცელდება "ყველაზე და ყველაფერზე", თუმცა დაცული იქნება ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტები. ამის შესახებ ოხანაშვილმა ევროკავშირს წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა. 

"ქართული ოცნება ერთგული რჩება შეთანხმების, იმ ხელმოწერის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, რაც ნიშნავს, ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, - როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, - ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას. თუ იკითხავთ, კონვენციურ მუხლებთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც. [კონვენციურ მუხლებში] საუბარია – წამება, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა და ასე შემდეგ, რაც დაკავშირებულია კონვენციის II-III მუხლების შესაძლო დარღვევებთან. 

კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს წერია ტექსტში, ერთი ერთში. ვერანაირად ვერ იქნება ვერცერთი პოლიტიკოსი პრივილეგირებული, როდესაც მას სავარაუდოდ ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, სხვა რომელიმე პირთან მიმართებით, თუნდაც პოლიციელთან მიმართებით". – თქვა ოხანაშვილმა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები