დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები

რუსეთმა აშშ "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა

ვლადიმირ პუტინი
AFP

რუსეთის ხელისუფლებამ "არამეგობრული ქვეყნების" სიის შედგენა დაიწყო. ამ სიაში შესული ქვეყნების ვეღარ შეძლებენ, თავიანთ დიპლომატიური მისიებში რუსეთის მოქალაქეები დაასაქმონ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.

ზახაროვას თანახმად, არამეგობრული ქვეყნების სიაში აშშ-ც შედის, "როგორც ჩვენ გვესმის, მთელი ისტორია დაიწყო აშშ-ს მორიგი არამეგობრული ქმედებებით".

"არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიური მისიების შეზღუდვების დაწესების კანონს ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი. კანონი რუსეთის მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან სულაც აიკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა.

ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ჩეხეთი გეგმავს, პრაღაში რუსეთის დიპლომატიური მისიის ზომა მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის ზომას გაუთანაბროს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მას შემდეგ, რაც ჩეხეთმაც და რუსეთმაც ერთმანეთის საელჩოების თანამშრომლები ქვეყნებიდან გააძევეს, მოსკოვში ჩეხეთის 24 წარმომადგენელი დარჩა, 5 დიპლომატი და 19 თანამშრომელი. ჩეხეთში, რუსეთის საელჩოში კი ახლა 94 ადამიანი მუშაობს, 27 დიპლომატი და 67 თანამშრომელი. სავარაუდოდ, რუსეთის დიპლომატიურ მისიას 70 ადამიანით შეამცირებენ.

ამასთან ერთად, 22 აპრილს სლოვაკეთმა, ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 3 რუსი დიპლომატი გააძევა. პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს  ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 24 აპრილს რუსეთმა პოლონეთის ელჩი გამოიძახა და პოლონეთის საელჩოს 5 პირი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მოსკოვის ეს ქმედება მოჰყვა ამავე თვეში, 15 აპრილს, პოლონეთში აშშ-სადმი სოლიდარობის ნიშნად სამი რუსი დიპლომატის გაძევებას

გარდა ამისა, 15 აპრილს აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა. პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან აძევებს და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა. გასულ თვეს კი ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებს, რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".

კომენტარები