დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები

ჩეხეთი გეგმავს, რუსეთის საელჩოს კიდევ 70 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევოს

"მკვლელი, ქურდი დიქტატორი" - ვლადიმირ პუტინის პოსტერი ჩეხეთში რუსეთის სალჩოს ჭიშკარზე. 2021 წ.
Petr David Josek/Associated Press

ჩეხეთი გეგმავს, პრაღაში რუსეთის დიპლომატიური მისიის ზომა მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის ზომას გაუთანაბროს. გადაწყვეტილების შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენცია უწყებაში რუსეთის ელჩთან, ალექსანდრ ზმეევსკისთან კონსულტაციების შემდეგ გაიმართა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მას შემდეგ, რაც ჩეხეთმაც და რუსეთმაც ერთმანეთის საელჩოების თანამშრომლები ქვეყნებიდან გააძევეს, მოსკოვში ჩეხეთის 24 წარმომადგენელი დარჩა, 5 დიპლომატი და 19 თანამშრომელი. ჩეხეთში, რუსეთის საელჩოში კი ახლა 94 ადამიანი მუშაობს, 27 დიპლომატი და 67 თანამშრომელი. სავარაუდოდ, რუსეთის დიპლომატიურ მისიას 70 ადამიანით შეამცირებენ.

ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის თანახმად, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები