ჩეხეთი-რუსეთი

პრაღის საპასუხოდ, რუსეთი 20 ჩეხ დიპლომატს აძევებს

მას შემდეგ, რაც ჩეხეთმა პრაღაში რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი ჯაშუშობისთვის ქვეყნიდან გააძევა, მოსკოვმა რუსეთიდან 20 ჩეხი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. 

ჩეხური მხარის ცნობით, საელჩოს თანამშრომლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსული მხარე პრაღის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

მოსკოვმა დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა. ჩეხეთმა კი რუს დიპლომატებს - 72 საათი. 

ვრებეტიცაში აფეთქებები 2014 წლის 16 ოქტომბერსა და 3 დეკემბერს მოხდა. პირველი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მეორეს - მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობა ასე სერიოზულად დაზარალდება, მაგრამ ჩვენი რეაგირება აუცილებელია. იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელშიც დიდი ბრიტანეთი იყო სოლსბერიში მოწამვლების დროს". - თქვა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარალელურად, ჩეხეთის პოლიციამ გამოაცხადა ორი კაცის ძებნა , რომლებიც 2014 წლის 11-16 ოქტომბერს პრაღასა და ზლინსკის მხარეში იყვნენ. ეს ადამიანები იყენებდნენ რუსულ პასპორტებს ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელზე, ასევე მოლდოვის პასპორტს ნიკოლაი პოპის და ტაჯიკეთის პასპორტს რუსლან ტაბაროვის სახელზე.

ძებნილთა ფოტოებიდან და რუსულ პასპორტებში მითითებული სახელებიდან, პეტროვი და ბოშიროვი, საუბარია რუსეთის ორ მოქალაქეზე, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა 2018 წელს რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულიას, ნოვიჩოკით მოწამვლაში დაადანაშაულა. გამოცემები The Insider-ი და Bellingcat-ი წერდნენ, რომ პეტროვი და ბოშიროვი, GRU-ს ოფიცრები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა არიან.

აშშ-ს საელჩომ ჩეხეთში მხარი დაუჭირა ჩეხეთის გადაწყვეტილებას.

"აშშ დგას თავის მტკიცე მოკავშირე ჩეხეთის რესპუბლიკასთან. ჩვენ ვაფასებთ მათ მნიშვნელოვან ნაბიჯს, პასუხი გასცენ ჩეხეთის მიწაზე რუსეთის სახიფათო ქმედებებს". - თქვა ჯენიფერ ბახუსმა, საელჩოს წარმომადგენელმა. 

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომეელთა ფარგლებშიც აშშ-დან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს. სანქციების დაწესების მიზეზი გახდა მასშტაბური კიბერშეტევები და 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობები.

კომენტარები