დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები

ბალტიის ქვეყნები პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ

პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს და რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ.

"ლიტვა ყოველთვის თავის მოკავშირეებთან ერთად დგას! ჩეხეთის რესპუბლიკისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსეთის დივერსიული ქმედებების გამო, ლიტვამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოკავშირის ტერიტორიაზე მავნე ქმედებებს არ მოვითმენთ". - წერია NATO-ში ლიტვის დელეგაციის გვერდზე.

ამასთან, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, განაცხადა:

"ჩემმა ლატვიელმა და ესტონელმა კოლეგებმაც გააძევეს საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელიც ჯაშუშობაში იყო ჩართული".

ლიტვა ორ რუს დიპლომატს აძევებს. მათი ვინაობა ლანდსბერგისს არ დაუსახელებია. ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ "ორივეს დიპლომატიური თანამდებობა ჰქონდათ" და ჯაშუშობაში იყვნენ ჩართულნი.

"დღეს, 23 აპრილს, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, მას გადასცეს განცხადება, რის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოცხადდნენ მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუსაბამო ქმედებების გამო, მათ ლიტვა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ". - თქვა მინისტრმა. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე ვკითხულობთ, რომ "ვრებეტიცში 2014 წელს მომხდარი აფეთქების გამო  ჩეხეთის რესპუბლიკის სოლიდარობის ნიშნად დღეს ესტონეთმა გააძევა რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთის ასეთი ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალს, ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს მიუღებელია". 

ლატვიის ნაბიჯს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარას რინკევიჩისიც ადასტურებს:

"ჩვენი ჩეხი მოკავშირეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ვენის კონვენციის დარღვევის გამო, ლატვიამ გადაწყვიტა, რუსი დიპლომატის გაძევება. ლატვია არ აიტანს მისი, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიწაზე დივერსიულ ქმედებებს".

ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ჩეხეთი გეგმავს, პრაღაში რუსეთის დიპლომატიური მისიის ზომა მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის ზომას გაუთანაბროს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მას შემდეგ, რაც ჩეხეთმაც და რუსეთმაც ერთმანეთის საელჩოების თანამშრომლები ქვეყნებიდან გააძევეს, მოსკოვში ჩეხეთის 24 წარმომადგენელი დარჩა, 5 დიპლომატი და 19 თანამშრომელი. ჩეხეთში, რუსეთის საელჩოში კი ახლა 94 ადამიანი მუშაობს, 27 დიპლომატი და 67 თანამშრომელი. სავარაუდოდ, რუსეთის დიპლომატიურ მისიას 70 ადამიანით შეამცირებენ.

ამასთან ერთად, 22 აპრილს სლოვაკეთმა, ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 3 რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები