ჩეხეთი-რუსეთი

რუსეთი პრაღის ბრალდებებს 2014 წელს ჩეხეთში აფეთქებებთან კავშირზე აბსურდს უწოდებს

"მკვლელი, ქურდი დიქტატორი" - ვლადიმირ პუტინის პოსტერი ჩეხეთში რუსეთის სალჩოს ჭიშკარზე. 2021 წ.
Petr David Josek/Associated Press

რუსეთი ჩეხეთის მიერ პრაღაში რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევებას გამოეხმაურა.

ჩეხური მხარის ცნობით, ისინი რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და რომ GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცშიზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან.

რუსეთი პრაღის ბრალდებებს 2014 წელს ჩეხეთში აფეთქებებთან კავშირზე აბსურდს, ხოლო საელჩოს თანამშრომლების გაძევებას კი "ბოლო წლების განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ განხორციელებული ანტირუსული მოქმედებების სერიის გაგრძელებას" უწოდებს.

რუსული მხარის განცხადებით, პრაღას სურს, რომ "რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ბოლოდროინდელი სანქციების ფონზე შეერთებული შტატებს ასიამოვნოს". 

რუსეთი ასევე იმუქრება, რომ ჩეხეთის მთავრობის "უპრეცედენტო" გადაწყვეტილებას პასუხს გასცემს. 

"ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს, რაც აიძულებს ამ პროვოკაციის ავტორებს, გააცნობიერონ თავიანთი სრული პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის საბაზისო ურთიერთობების განადგურებაში". – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

ჩეხეთიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

"პრაღამ კარგად იცის, რა მოჰყვება ასეთ "ფოკუსებს". – თქვა ზახაროვამ.

ვრებეტიცაში აფეთქებები 2014 წლის 16 ოქტომბერსა და 3 დეკემბერს მოხდა. პირველი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მეორეს - მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობა ასე სერიოზულად დაზარალდება, მაგრამ ჩვენი რეაგირება აუცილებელია. იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელშიც დიდი ბრიტანეთი იყო სოლსბერიში მოწამვლების დროს". - თქვა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარალელურად, ჩეხეთის პოლიციამ გამოაცხადა ორი კაცის ძებნა , რომლებიც 2014 წლის 11-16 ოქტომბერს პრაღასა და ზლინსკის მხარეში იყვნენ. ეს ადამიანები იყენებდნენ რუსულ პასპორტებს ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელზე, ასევე მოლდოვის პასპორტს ნიკოლაი პოპის და ტაჯიკეთის პასპორტს რუსლან ტაბაროვის სახელზე.

ძებნილთა ფოტოებიდან და რუსულ პასპორტებში მითითებული სახელებიდან, პეტროვი და ბოშიროვი, საუბარია რუსეთის ორ მოქალაქეზე, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა 2018 წელს რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის დამისი შვილის, იულიას, ნოვიჩოკით მოწამვლაში დაადანაშაულა. გამოცემები The Insider-ი და Bellingcat-ი წერდნენ, რომ პეტროვი და ბოშიროვი, GRU-ს ოფიცრები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა არიან.

აშშ-ს საელჩომ ჩეხეთში მხარი დაუჭირა ჩეხეთის გადაწყვეტილებას.

"აშშ დგას თავის მტკიცე მოკავშირე ჩეხეთის რესპუბლიკასთან. ჩვენ ვაფასებთ მათ მნიშვნელოვან ნაბიჯს, პასუხი გასცენ ჩეხეთის მიწაზე რუსეთის სახიფათო ქმედებებს". - თქვა ჯენიფერ ბახუსმა, საელჩოს წარმომადგენელმა. 

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომეელთა ფარგლებშიც აშშ-დან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს. სანქციების დაწესების მიზეზი გახდა მასშტაბური კიბერშეტევები და 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობები.

კომენტარები