აშშ-რუსეთი

სანქციებზე საპასუხოდ, რუსეთი აშშ-ს 10 დიპლომატს აძევებს, 8 მაღალჩინოსანს შავ სიაში შეიყვანს

ვლადიმირ პუტინი/ჯო ბაიდენი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიხედვით, აშშ-ს სანქციების საპასუხოდ, რუსეთი აშშ-ს 10 დიპლომატს გააძევებს  და დამატებით 8 მაღალჩინოსანს შავ სიაში შეიყვანს. მათი ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი.

ამასთან ერთად, მოსკოვი შეუჩერებს მუშაობას ამერიკულ ორგანიზაციებსა და ფონდებს, რომლებიც, მათი აზრით, რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ერევიან.

ლავროვი იმასაც ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია "მტკივნეულ ზომებს" მიმართოს აშშ-ს წინააღმდეგ, თუმცა ჯერჯერობით თავს იკავებს.

15 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა შემდეგი მიზეზების გამო: რუსეთის მხრიდან აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობა, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლა და SolarWinds-ზე კიბერთავდასმა.

რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ აშშ-ს მსგავს ქმედებებს "გარდაუვალი" პასუხი მოჰყვება. 

"ვაშინგტონმა უნდა გააანალიზოს, რომ ორმხრივი ურთიერთობის დეგრადაციისთვის ის გადაიხდის საზღაურს". - ამბობს ლავროვი

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პრესაში რუსეთისთვის აშშ-ს სანქციების დაწესების ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსული რუბლი გაუფასურდა

 

კომენტარები