დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები

რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" საელჩოებსა და სააგენტოებში თანამშრომლების რიცხვს შეზღუდავს

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

რუსეთის მთავრობამ "არამეგობრული ქვეყნების" სია უნდა შეადგინოს.

კანონი რუსეთის მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან სულაც აიკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა.

ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ჩეხეთი გეგმავს, პრაღაში რუსეთის დიპლომატიური მისიის ზომა მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის ზომას გაუთანაბროს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მას შემდეგ, რაც ჩეხეთმაც და რუსეთმაც ერთმანეთის საელჩოების თანამშრომლები ქვეყნებიდან გააძევეს, მოსკოვში ჩეხეთის 24 წარმომადგენელი დარჩა, 5 დიპლომატი და 19 თანამშრომელი. ჩეხეთში, რუსეთის საელჩოში კი ახლა 94 ადამიანი მუშაობს, 27 დიპლომატი და 67 თანამშრომელი. სავარაუდოდ, რუსეთის დიპლომატიურ მისიას 70 ადამიანით შეამცირებენ.

ამასთან ერთად, 22 აპრილს სლოვაკეთმა, ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 3 რუსი დიპლომატი გააძევა. პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს  ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 24 აპრილს რუსეთმა პოლონეთის ელჩი გამოიძახა და პოლონეთის საელჩოს 5 პირი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მოსკოვის ეს ქმედება მოჰყვა ამავე თვეში, 15 აპრილს, პოლონეთში აშშ-სადმი სოლიდარობის ნიშნად სამი რუსი დიპლომატის გაძევებას

კომენტარები