აშშ-რუსეთი

ბაიდენი: პუტინი მკვლელია და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა abc News-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

ბაიდენი ინტერვიუში COVID-19-ის პანდემიას, ვაქცინაციას, აშშ-ს ჯარების ავღანეთიდან გამოყვანასა და რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობას შეეხო.

ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებული დღეს გამოქვეყნებული ანგარიში უხსენა და ჰკითხა, თუ როგორ აგებდა პუტინი პასუხს.

"ის პასუხს აგებს. ჩვენ [ბაიდენსა და პუტინს] ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მას მე კარგად ვიცნობ. როდესაც საუბარი დავიწყეთ, ვუთხარი: მე შენ გიცნობ, შენ კი - მე. თუკი ეს [რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობა] დადასტურდება, მზად იყავი". – უპასუხა ჟურნალისტს ბაიდენმა. 

ჟურნალისტმა ასევე იკითხა, თვლის თუ არა ბაიდენი ვლადიმირ პუტინს მკვლელად, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტისგან დადებითი პასუხი მიიღო.

ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს ხელმეორედ დაუსვა კითხვა, თუ როგორ აგებდა პუტინი პასუხს.

"მალე ნახავ" - უპასუხა ბაიდენმა. 

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსეთსა და აშშ-ს აქვთ გარკვეული საერთო ინტერესები, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა უწევთ. მსგავს ინტერესად მან ბირთვული შეთანხმება დაასახელა.

კომენტარები