პოლიტიკური კრიზისი

ირაკლი კობახიძე სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს, 13 აპრილს სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება. შეხვედრა აშშ-ს დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია  ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

12 აპრილს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება. აშშ-ში ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

​ქართული ოცნების დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მაღალი რანგის პირებთან გაიმართება შეხვედრები.


18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის პირველი 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები