პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი მიდის, კრიზისი რჩება – ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე

პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი მიდის, კრიზისი რჩება – ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკური კომპრომისის საჭიროებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხელისუფლების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გაუსვას ხაზი. 

"როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე, ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. და რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის".

მას შემდეგ, რაც 30 მარტს კრისტიან დანიელსონი სათითაოდ შეხვდა ყველა პარტიას, მან თქვა, რომ შეთანხმების დოკუმენტს თავად მოამზადებდა და მასზე ხელმოწერა პარტიების პასუხისმგებლობა იქნებოდა. მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ეს ტექსტი გაასაჯაროვა

რა წერია დოკუმენტში – მოკლედ

კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტს მოიცავს. მათ შორის არ არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ ჩარჩოში. ამასთან არცერთი პუნქტი არ ეხება მთავარი არხის თანადამფუძნებელ, გიორგი რურუას. ოპოზიციისთვის სწორედ ეს ორი ფაქტი გახდა დოკუმენტზე ხელის არმოწერის მიზეზი. 

1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

ტექსტის ამ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც შეეხება 2019 წლის 20-21 ივნისის "პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას". ამავდროულად პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში, რათა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას დასჭირდეს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. 

ამ პუნქტში ნახსენები არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომლის წინააღმდეგ აღძრული საქმეც სწორედ "გავრილოვის ღამეს" უკავშირდება, თუმცა, როგორც პარტიების, მათ შორის ქართული ოცნების წევრებმა განმარტეს, ეს პუნქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოიცავდა – მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა. 

2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

ეს პუნქტი აერთიანებს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ პაკეტს, რომელზეც პარტიების დიდი ნაწილი თანახმა იყო. ამ პუნქტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული, მომდევნო ორ არჩევნებზე კი საარჩევნო ბარიერი უნდა მერყეობდეს ბუნებრივიდან 2%-მდე. 

პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარ ჯგუფს უნდა შეეძლოს საპარლამენტო ფრაქციის შექმნა, რომელშიც სხვა პარტიებიდან დეპუტატების ჩართვა შესაძლებელი იქნება. პუნქტი ასევე მოიცავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმასაც. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხმების 2/3-ით. სხვა დეტალები იხილეთ სრულ დოკუმენტში

3. კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა

დოკუმენტის მესამე პუნქტი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს აერთიანებს, რომლის მიხედვითაც, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ახალი კანდიდატებისგან განცხადებების მიღება ხელახლა უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა. შემუშავებული ტექსტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმას და პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაიზარდოს გამჭვირვალობა. პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის 2019 წლის დასკვნა. 

ამავე პუნქტის მიხედვით, "საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, გააგრძელონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები". 

4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

ამ პუნქტის მიხედვით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი შერჩეული იქნება შემდეგი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი. 

ამასთან, ოპოზიციის წევრები დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის ერთ პოზიციას საპარლამენტო დელეგაციებში. 

"სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება]". – წერია დოკუმენტში. 

5. მომავალი არჩევნები

"პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება". 

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას". 

ოპოზიციური ლიდერების პოზიციები

საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წარმოდგენილი 5 პუნქტიდან სამზე შეთანხმება შედგა. ლიდერების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვადამდელი არჩევნები კვლავაც რჩება მათ მთავარ მოთხოვნად, და ასევე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რაც, მათი განმარტებით, დოკუმენტში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. 

გიგა ბოკერია, ევროპული საქართველო: "ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების, მელიასა და რურუას, და ვადამდელი არჩევნების საკითხს. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ თანხმობა მივეცით და ეს მედიატორი, ბატონი დანიელსონი, პრეზიდენტ მიშელის წარმომადგენელია, მკაფიოდ წერია ორი საკვანძო საკითხი: ეს არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის საერთოდ. ეს მოხდა ქართული ოცნების პოზიციის გამო. ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, იმ საკითხებზე, რომლებზეც სხვებთან შედარებით კარგად იყო ნამუშევარი, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით, ვგულისხმობ დანარჩენ სამ საკითხს, მათ შორის საარჩევნო პაკეტს და სამართლებრივ რეფორმას". 

სალომე სამადაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგვქონდა შანსი, დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია ყველა პუნქტზე, რომელიც დასახელებული იყო მიშელის გეგმაში. სამ საკითხზე ყველა ოპოზიციონერი დათანხმდა და არსებობდა ორი საკითხი - პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება და შესაძლო კომპრომისული ვარიანტი... იმიტომ, რომ ქართული ოცნების და ირაკლი კობახიძის გარდა, ქვეყანაში ყველამ იცის, რომ გიორგი რურუა არის პატიმრობაში პოლიტიკური მიზეზებით და მათ შორის 20 ივნისის ფონზე, ამიტომ, მინდა, არავინ შეიყვანოს შეცდომაში ქართულმა ოცნებამ.... ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად მათ შორის იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომელიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც შეთანხმების ნაწილი.

ზურაბ ჯაფარიძე, გირჩი  – მეტი თავისუფლება: არ დაუჯეროთ არაფერს, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, ტყუილი იყო მეტწილად, რაც ისაუბრეს. მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც წარიმართა დაახლოებით იმავე სცენარით, რომლითაც წინა მოლაპარაკებების პროცესი წარიმართა, რომლის ბოლოსაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა. ვგულისხმობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტთან ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რასაც არ ეთანხმებოდა ხელახალ არჩევნების საკითხს და პოლიტპატიმრების თემას. ამის გარდა, იყო სამი საკითხი, რომელზეც ქართული ოცნება არ თანხმდებოდა. პრაქტიკულად, ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რაზეც ქართული ოცნება იტყოდა, რომ ამაზე ჩვენც ვაწერთ ხელს... სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერ მოხდა შეთანხმება. ცხადია, მთელი პასუხიმგებლობა არის ხელისუფლებაზე. 

ბადრი ჯაფარიძე, ლელოთქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ წარმოგვიდგინეს წინა შეხვედრაზე მედიატორებმა მექანიზმი, რომელიც იქნა საერთოდ უარყოფილი ქართული ოცნების მიერ. ეს მექანიზმი არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ ამ მექანიზმთან დაკავშირებით მზად ვიყავით, გაგვეგრძელებინა მუშაობა. სამწუხაროდ, ქართული ოცნების სრულიად დესტრუქციული პოზიციის გამო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იძულებული გახდა მედიატორი, რომ ეს გრაფა დაეტოვებინა ცარიელი. წინა დოკუმენტში შეგახსენებთ იქნა წარმოდგენილი მექანიზმი, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მედიატორებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმისათვის, რომ ეს დარჩენილი ორი საკითხი მოგვარდეს. თუმცა, ამისთვის ქართული ოცნების მხრიდან უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმიტომ, რომ სხვაგვარად ჩვენ ვერ განვმუხტავთ ამ კრიზისს.

გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებელი: ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა. მათ შორის არ ეთანხმებოდა ცეესკოს ცვლილებებს, რომელიც არის გამოქვეყნებული და საარჩევნო კომისიის ცვლილებებს, მათ შორის არ ეთანხმებოდა პროკურორის დანიშვნის ახალ წესს, მათ შორის არ ეთანხმებოდა ძალაუფლების განაწილების საკითხს. ანუ არც ერთ ამ საკითხს არ ეთანხმებოდა. 


რაც შეეხება ქართულ ოცნებას, პარტიის ერთ-ერთმა საპარლამენტო ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმ ცვლილებებს, რაც კრისტიან დანიელსონის დოკუმენტშია თავმოყრილი, მმართველი გუნდი "რადიკალური ოპოზიციის" გარეშე მიიღებს. ირაკლი კობახიძემ, ისევე, როგორც არჩილ თალაკვაძემ, მოლაპარაკებებში ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა. 

"ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ცვლილებებს ქართული ოცნება უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კომენტარები