პოლიტიკური კრიზისი

მიქანაძე: კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება, მაღალი რანგის პირებთან იქნება შეხვედრები

​ქართული ოცნების დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მაღალი რანგის პირებთან გაიმართება შეხვედრები. მიქანაძე პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია შეხვდება თუ არა კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. 

"მე არ ვიცი იქ ვისთან არის დაგეგმილი, იმიტომ, რომ ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული, მაგრამ პირველ პირებთან არის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებით, რომლის თაობაზეც, დარწმუნებული ვართ, რომ ბატონმა დანიელსონმა აბსოლუტურად სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა, ის პოზიციები კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რაზეც მმართველი გუნდი ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდა". – თქვა მიქანაძემ. 

12 აპრილს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. აშშ-ში ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.


18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის პირველი 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები