პოლიტიკური კრიზისი

შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის, დანიელსონი ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი  ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება. ოპოზიციის და ხელისუფლების ცხრასაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

"ევროკავშირმა და აშშ-მ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა მეტი ყურადღების გამახვილებას კორონავირუსის პანდემიაზე და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასვლას ევროკავშირის დღის წესრიგით და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვას რეგიონში, ეს არის რეალური გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას" - თქვა დანიელსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ექვსპუნქტიანი გეგმის ზოგიერთ ასპექტში "მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული", რაც მისასალმებელია და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

"რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. დილით მე დავბრუნდები ბრიუსელში  და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს.

ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნის პასუხისმგებლობა აკისრიათ  საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის" - თქვა დანიელსონმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ "ახლა პარტიები სერიოზულად აღიქვამენ ამ სიტუაციას, დაფიქრდებიან კრიზისიდან გამოსასვლელ გზებზე და ექნებათ ნება-სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას, წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი".

"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი" - თქვა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი 6 დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შარლ მიშელის მედიატორობით 1-ელ მარტს განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

კომენტარები