ვლადიმირ პოზნერი

ქობულია აქციაზე: ამ სამარცხვინო საქციელით მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ტურიზმის რეპუტაციაზე

world economic forum

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფორმულას ეთერში რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ქობულიას აზრით, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ჩატარებული აქცია იყო სამარცხვინო და პროვოკაციული და ეს იყო დიდი დარტყმა საქართველოს ტურისტულ რეპუტაციაზე.

"გავიაზროთ ჩვენ, რა გაკეთდა, რას მივაღწიეთ ჩვენ, იმ სამარცხვინო საქციელით, რომელიც მოხდა გუშინ, ამ ხალხთან დაკავშირებით. რას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. მიაღწია იმას, რომ ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ტურიზმის რეპუტაციაზე. ჩვენთან იყო ჩამოსული ადამიანი, იგივე, ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ეს ადამიანი, ან არ მოგვწონდეს, ეს არის ჟურნალისტი, ადამიანი, რომელმაც გამოთქვა თავისი აზრი. ეს აზრი შეიძლება ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ ამის გამო, ჩამოსულ ადამიანს, რომელიც ქვეყანაშია შემოსული, ქვა არ უნდა ვესროლოთ". – თქვა ქობულიამ

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა გავრილოვის წინააღმდეგ ჩატარებული 20 ივნისის აქციაც სამარცხვინო, ქობულიამ უპასუხა, რომ არ შეიძლება გავრილოვის შედარება პოზნერთან, რომელიც, ყოფილი მინისტრის თქმით, არის სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო და აქ დაბადების დღის გადასახდელად ჩამოვიდა.

"გავრილოვის ამბავი აბსოლუტურად სხვა იყო. გავრილოვის ამბავი იყო ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა და პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში დაგვიჯდა. როგორ შეიძლება თქვენ შეადაროთ გავრილოვის საკითხი, როცა ჩამოდის ჩვენთან სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო, ჩამოჰყავს თავისი სტუმრები და უყვარს და იხდის აქ დაბადების დღეს და ჩვენ მას ვადგებით კარზე და კვერცხებს ვესვრით. მოვუწოდებ ჩვენ მთავრობას, ცოტა მეტი გაბედულობა სჭირდებათ, ცოტა მეტი სჭირდებათ გადაწყვეტილების უნარის მიღება, უნდა აღკვეთონ ესეთი სახის პროვოკაციები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება". – ამბობს ქობულია


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები