პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: ამ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის არავითარი საფუძველი არ არსებობს

მე მინდა, შევაჯამო ჩვენი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. 

[...] მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვისმინეთ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობისა და სიტუაციის. ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენი არჩევნების, რომელიც, მათი შეფასებით, არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ამ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა. შესაბამისად, მე მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდესა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. 

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეების განმავლობაში მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი. 

გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული."

კომენტარები