პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი შეთანხმებაზე: ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის ბრიუსელში შეხვედრა დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უნდა შედგეს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისით. 

"მინდა ერთი რამ კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით იმის თაობაზე, თუ რა არის ჩვენი პოზიცია, ბატონ შარლ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი პარტიის სახელით, ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია". – თქვა ღარიბაშვილმა. 

ქართული დელეგაცია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაზე დღეს, 15 მარტს გაემგზავრა. ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა შარლ მიშელთან შედგა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 3 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

კომენტარები