ლელო-ძლიერი საქართველო ნოდარ მელაძის მიერ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გამოქვეყნებას გამოეხმაურა. ისინი მოითხოვეს, დაისაჯონ და გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე, მათ შორის ხელმძღვანელი პირები. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ, მათი აზრით, ეს არის სისტემური დანაშაული. სავარაუდოდ, არსებობს ათასობით შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა ვერ შეძლეს ამ ყველაფრის მტკიცებულებების მოპოვება, ვიდეოს გადაღება.
"ძლიერი საქართველო-ლელო კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდა გუშინ მედიით, ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც ფაქტობრივად, ჩანს ძალოვანი უწყების თანამშრომლები, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს.
მივმართავ მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად აქვთ უნდობლობა იმ მოცემულობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. კი, საქართველოში ძალოვანი უწყებები, ივანიშვილის პირობებში, იქცა რეპრესიის, ძალოდიბის, დევნის და უკანონობის სისტემურ სივრცედ. უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენს შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის ვიდეოკამერით, ტელეფონით გადაღებას და გასაჯაროებას.
არსებობს, სავარაუდოდ, ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყველაფრის მტკიცებულების მოპოვება. ცხადია, რომ საქართველოში რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო ძალდობრივი. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილე ამ დანაშაულში. ერთი, რადგან მათ შექმნეს საპოლიციო სისტემაში დაუსჯელობის განცდა. მეორე, შეუძლებელია ვინმემ დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე ან ჩვენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის ერთჯერადი. ეს ხდება ყველგან, ყოველდღიურად და უამრავ ისტორიას, რომელიც ვრცელდება საჯაროდ, სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, სამწუხაროდ, არ ახლავს მსგავსი მტკიცებულებები და საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს.
სინამდვილეში, ეს არის სისტემური დანაშაული, რაც შექმნა ივანიშვილმა, მისმა დაუსჯელობამ თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში, რასაც მოყვა თვითმკვლელობის კასკადები, არ უნდა დაგვავიწყდეს დემურ სტურუა, თემურ აბზიანიძე, სხვები და სხვები, ვინც შეეწირნენ ამ ძალადობრივ სისტემას. ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე." - განაცხადა კუპრაძემ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ თავიანთი შვილები დაიცვან სამოქალაქო პროტესტით და დღეს, 19 საათზე, შეუერთდნენ მსვლელობას ფილარმონიიდან. მისი აზრით, ამ საქმეში მონაწილე პოლიციელების 4 წლის შემდეგ, თებერვალში დაკავება გამოიწვია იმან, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ვიდეომტკიცებულებების გაჟონვის შესახებ.
"საზოგადოებას მივმართვათ, რომ დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ თქვენ, სამოქალაქო პროტესტით. დღეს, 19 საათზე, უნდა შეუერთდეთ ყველა იმ მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალდობას, რაც ივანიშვილის ხელისუფლების და სისტემის პირობებში არსებობს გარშემო. 4 წლის განმავლობაში, ფაქტია, რომ 2022 წლის შემდეგ, როცა ეს ფაქტი მოხდა, 4 წლის განმავლობაში სისტემაში იყვნენ ჩარჩენილები ის პოლიციელები, სარგებლობდნენ სახელმწიფოს მანდატით და, სავარაუდოდ, კიდევ არაერთგზის და მრავალჯერ იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე. ის, რომ თებერვალში მოხდა პოლიციელების დაკავება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ უკვე ინფორმაცია ამ საჯარო ფატქების და ვიდეომტკიცებულებების გაჟონვის შესახებ. რაღაც დროს ეს გახდებოდა აუცილებლად საჯარო.
გაუგებარია და ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არის დაკავებული ის პირი, რომელმაც გატეხა ე.წ. ჩათი და გაასაჯაროა, გამოიტანა ეს მტკიცებულებები. მხილება მოძალადე პოლიციელების არის გმირობა მაშინ, როცა ამით იცავ უდანაშაულო, უმწეო მოქალაქეს, რომელსაც ურტყამენ და აწამებენ პოლიციის დეპარტამენტებში თუ სხვადასხვა შენობაში. ამიტომ ცხადია, რა მდგომარეობაა აქეთ, ივანიშვილის პირობებში - ეს არის ძალადობრივი სისტემა. და მეორე მხარეს ეს არის დაუსჯელობა, რომელიც ივანიშვილმა აქცია თავის რეალურ მაჩვენებლად, რომელსაც არანაირი გამართლება არ გააჩნია.
ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი, ეს ძალადობრივი სისტემა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, არ დავბრუნდეთ წარსულში, მაგრამ ის აწმყოც, რომელიც იმეორებს იმ წარსულის რეპრესიებს, ძალადობას, წამებას ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, უნდა დასრულდეს და ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ისეთი, სადაც ჩვენი შვილები იქნებიან დაცულები." - განაცხადეს ლელო-ძლიერი საქართველოს ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.




