პოლიტიკური კრიზისი

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

European Council

 ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. 

ქართული დელეგაცია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაზე დღეს, 15 მარტს გაემგზავრა.

"ბრიუსელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი იწყება. შევხვდები გერმანიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებს. პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ნამდვილად შესანიშნავია". – დაწერა  ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე მიშელთან შეხვედრის დაწყებამდე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი 3 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.

კომენტარები