12 ივნისს ტრამპის ადმინისტრაციამ უცხო ქვეყნების მთავრობებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს კომპანია Anthropic-ის ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოყენება აუკრძალა, რის გამოც კომპანიამ, ახალ წესებთან დამორჩილების მიზნით, Fable-სა და Mythos-ის მოდელებზე წვდომა ყველა მომხმარებლისთვის შეზღუდა.
Anthropic-ის ცნობით, აშშ-ს მთავრობამ უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის ძლიერი AI ინსტრუმენტების გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე აკრძალა.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა გამოცემა Wall Street Journal-ს აცნობა, რომ ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლატნიკმა Anthropic-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, დარიო ამოდეის 12 ივნისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ კომპანიის ბოლო მოდელები – Fable 5 და Mythos 5 – ამიერიდან საექსპორტო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ს გარეთ მომხმარებლებისთვის და ასევე აშშ-ში მყოფი უცხოეთის მოქალაქეებისთვის მათი გამოყენება იკრძალება.
კომპანიის მიხედვით, ამ შეზღუდვების გამო კომპანია იძულებული გახდა, ახალ ინსტრუმენტებზე წვდომა სრულად შეეზღუდა, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მთავრობებს, კომპანიებსა და ინდივიდებს ეხება, მათ შორის Anthropic-ის უცხოელ თანამშრომლებსაც. თუმცა, კომპანიამ განმარტა, რომ ეს შეზღუდვა კომპანიის სხვა მოდელებზე არ გავრცელდება.
ამას გარდა, Anthropic-ის განცხადებით, წერილში არ იყო დაკონკრეტებული, რას უკავშირდებოდა მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების კუთხით არსებული შეშფოთებები.
ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება AI ინდუსტრიაში აშშ-ს მთავრობის ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და უპრეცედენტო მაგალითია. კომპანიამ მოსახლეობისთვის ახალი თაობის "Mythos-ის კლასის" მოდელი Fable ხელმისაწვდომი ამ კვირაში გახადა, თუმცა, საჯარო ვერსიას თან ახლდა დამცავი მექანიზმები, რათა მომხმარებლებს მოდელის სახიფათო შესაძლებლობების გამოყენებაზე წვდომა არ ჰქონოდათ.




