ირანი

ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო

ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო. ამ ინფორმაციას Reuters-ი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ 2015 წლის ბირთვულმა შეთანხმებამ ყველანაირი აზრი და ქმედითუნარიანობა დაკარგა.

შეთანხმების მიხედვით, ირანს ნათანზის მიწისქვეშა ლაბორატორიაში მხოლოდ IR-1 ტიპის  ცენტრიფუგებით შეეძლო ურანის გამდიდრება, გარკვეულ დონეზე. ახლა ირანი შედარებით თანამედროვე IR-2m-ის ტიპის ცენტრიფუგებს იყენებს. 

7 მარტს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ დაამტკიცა, რომ ირანი IR-2m ტიპის 176 ცალ ცენტრიფუგისგან შემდგარ მესამე კასკადს ურანის ჰექსაფტორიდით კვებავდა. ცენტრიფუგებს ურანი ამ ფორმით მიეწოდებათ, რადგან შემდეგ ის გასუფთავდეს.

ამავე კომპანიის ცნობით, უკვე დაყენებულია მეოთხე კასკადიც, თუმცა ისინი ურანის ჰექსაფტორიდით ჯერ არ შეუვსიათ.

2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ 3.67%-მდე შეეძლო, ახლა ახალი ცენტრიფუგების შეუჩერებელი მუშაობით ბევრად მაღალ მაჩვენებელზე ასვლა გახდა შესაძლებელი. ატომური იარაღის დასამზადებლად ურანის 90%-მდე გამდიდრება არის აუცილებელი.

ჯერ კიდევ გასულ კვირაში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა თქვა, რომ ირანის ეკონომიკაც და ცენტრიფუგებიც შარშანდელზე უკეთ ბრუნავდა, რაც მსოფლიოში ერთგვარ მუქარადაც აღიქვეს.


2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. მარტის დასაწყისში კი ბაიდენმა ირანისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი.

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

კომენტარები