ირანი

მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას ვერ დაესწრება – ირანის წარმომადგენელი ინდურ ტელევიზიასთან

ირანის რეჟიმის მხარდამჭერები ალი და მოჯთაბა ხამენეის ფოტოებით
Majid Saeedi/Getty Images

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯტაბა ხამენეი, სავარაუდოდ, მამის« ალი ხამენეის, დაკრძალვაზე ვერ დაესწრება, რადგან ირანის ხელისუფლება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინდურ ტელევიზია India Today-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ინდოეთში ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ განაცხადა.

ელაჰიმ, რომელიც ნიუ-დელის ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანში გამგზავრებამდე India Today-ს ესაუბრა, აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული მიზეზებით არის განპირობებული.

"გასულ კვირას ირანში ვიყავი და შევხვდი რამდენიმე მეგობარს, რომლებიც მას [მოჯთაბას] შეხვდნენ. მათ მითხრეს, რომ მას სურს ხალხში გამოჩენა. სურს ადამიანებთან შეხვედრა. მაგრამ უსაფრთხოების სამსახური ამის უფლებას არ აძლევს. მათ თქვეს: ‘ეს ძალიან სახიფათოა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეგვიძლია.’ ვფიქრობ, ის საჯაროდ არ გამოჩნდება" - განაცხადა ელაჰიმ.

ცნობისთვის, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი პოსტის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. 23 აპრილს New York Times-მა ინფორმირებულ ირანელ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოჯთაბა ხამენეი აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად მიღებულ ჭრილობებს კვლავ მკურნალობდა და სახეზე მიყენებული დაზიანებების გამო, რომლებმაც მის საუბრის უნარზეც იმოქმედა, ვიდეო ან ხმოვანი მასალების ჩაწერისგან თავს იკავებს.

ცნობისთვის, ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ადასტურებს.

"საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება." - უთხრეს ტაბულას პრესსამსახურში.

კომენტარები