აშშ-ირანი

ბაიდენი ირანს სანქციებს არ მოუხსნის, სანამ 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არ შეასრულებს

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს.

კითხვაზე, გადადგამს თუ არა აშშ პირველ ნაბიჯს და მოხსნის სანქციებს, რათა ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს CBS-თან ინტერვიუში, ბაიდენმა უარყოფითი პასუხი გასცა. ის დაეთანხმა ჟურნალისტს კითხვაზე  - არის თუ არა სანქციების მოხსნისთვის საჭირო, რომ ირანმა ურანის გამდიდრება შეწყვიტოს.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ კი განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს მას შემდეგ შეასრულებს, რაც აშშ მათთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მოხსნის.

"ჩვენ შევაფასებთ, რამდენად პატიოსნად იმოქმედებენ ამ მიმართულებით და ამის შემდეგ დავუბრუნდებით შეთანხმების პირობების შესრულებას. ეს ირანის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც არ შეიცვლება". – თქვა მან.


აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. 

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

ბირთვული შეთანხმება აშშ-მ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2018 წელს დატოვა, რის შემდეგაც ტრამპმა ირანს სანქციები დაუწესა. ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ამან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მხოლოდ გაამწვავა და გააძლიერა ირანის აშშ-სთან დაპირისპირება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ირანი გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევას, მათ, შესაძლოა, ატომური იარაღისთვის საკმარისი მასალა რამდენიმე კვირაში ჰქონდეთ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის შეთანხმებაში დაბრუნდეს, თუ ირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს და შემდეგ პარტნიორებთან ერთად იმუშაოს უფრო ხანგრძლივ და მრავლისმომცველ შეთანხმებაზე. თუმცა ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაში დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება. აშშ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ირანი შეთანხმების პირობებს ასრულებს.

თავის მხრივ ზარიფი ამბობს, რომ ირანი "ერთ დღეზე ნაკლებ დროში" შეძლებს თავის ვალდებულებებს დაუბრუნდეს.

გასულ თვეს ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო.

მიმდინარე თვის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-სა და ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების გზაზე ისაუბრა. ზარიფმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს შეუძლია, ორი ქვეყნის შეთანხმებასთან დაბრუნების პროცესს უხელმძღვანელოს.

ზარიფის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აშშ-სა და ირანის 2015 წლის შეთანხმებაში დაბრუნების პროცესში კოორდინატორის როლი უნდა ითამაშოს. ირანის საგარეო მინისტრი აღნიშნავს, რომ ბორელს შეუძლია, გაწეროს როგორ მოიქცეს აშშ და როგორ მოიქცეს ირანი.

კომენტარები