აშშ-ირანი

აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს

NBC News

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ირანისთვის სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირანის მიმართ პირველი სანქციები ჯერ კიდევ 1995 წლის 15 მარტს, ბილ კლინტონის განკარგულებით დაწესდა. გადაწყვეტილება სანავთობო ტრანზაქციების შეზღუდვას და ირანის რეჟიმის შესუსტებას ისახავდა მიზნად. 1995 წლის დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის წინაშე, ირანიდან მომდინარე საფრთხეების შემცირებას ემსახურება. 

"ირანის ხელისუფლების ქმედებები – რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული საბრძოლო იარაღის მომარაგებისა და განვითარების ჩათვლით, მათი რეგიონული აგრესიის კამპანია, ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა და რევოლუციის გუშაგთა არმიის, მათივე სუროგატების ჩათვლით, მავნებელი ქმედებები – კვლავ ექსტრაორდინარულ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას" – ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების საკითხი ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა, რაც 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან არის დაკავშირებული.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. მარტის დასაწყისში კი ბაიდენმა ირანისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი.

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

კომენტარები