ირანის ბირთვული პროგრამა

ირანი: ფორდოს კომპლექსში 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დავიწყეთ

ირანის მთავრობის სპიკერმა, ალი რაბეიემ, ქვეყნის სახელმწიფო მედიასთან საუბარში თქვა, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს.

"რამდენიმე წუთის წინ ფორდოს კომპლექსში დაიწყო 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოების პროცესი. რამდენიმე საათის წინ დაიწყო ცენტრიფუგებში გაზის შეშვების პროცესი და UF6-ის (ურანის ჰექსაფთორიდი) პირველი პროდუქტი რამდენიმე საათში გვექნება". – თქვა მან.

მიწისქვეშა კომპლექსში  20%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებით ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმების დარღვევას აგრძელებს.

ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმათგან, რაც ირანის პარლამენტმა გასული წლის ბოლოს ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი მეცნიერის, "ირანის ბირთვული იარაღის მამად" წოდებული, მოჰსენ ფახრიზადეს, მკვლელობის შემდეგ დააკანონა.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პირველ იანვარს განაცხადა, რომ მათ ირანმა მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აპირებდნენ ფორდოს კომპლექსში ურანის 20%-მდე გამდიდრების გაგრძელებას.

ფახრიზადეს მკვლელობაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. 2020 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას ურანის გამდიდრების პროგრამის გაგრძელებას ავალდებულებს და ამასთანავე, ბლოკავს ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე დაწესებულებებში გაეროს ინსპექტორების შეშვებას.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორების დაშვება ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-მ შეთანხმება დატოვა და ირანს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანმა თანდათანობით შეთანხმების პუნქტების დარღვევა დაიწყო.

გასულ წელს ირანმა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა. მას ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცეს.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას გააგრძელებდა და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდა, ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა კი თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ უფრო სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები, ასევე, მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით, 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

უკანასკნელ პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო.

კომენტარები