საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი გმობენ ირანის მიერ ურანის ლითონის წარმოების ფაქტს. მათი შეფასებით, ეს არის 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების დარღვევა.
საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის განცხადების მიხედვით, ირანი მსგავსი ქმედებით დიპლომატიური საუბრების განახლების შანსს კარგავს. ურანის ლითონი ბირთვული იარაღის დასამზადებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
თეირანის თქმით, მათ ურანის ლითონი კვლევითი რეაქტორის საწვავისთვის სჭირდებათ. საფრანგეთს, გერმანიასა და ბრიტანეთს არ სჯერათ, რომ ირანი რადიოაქტიურ ნივთიერებას სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებს, რასაც საკუთარ განცხადებაშიც უსვამენ ხაზს.
“ვიმეორებთ, რომ ირანს არ შეუძლია სამოქალაქო მიზნებით დამაჯერებლად გაამართლოს ის ქმედებები, რომლებიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გადამწყვეტი ნაბიჯებია”. - ნათქვამია სამი ქვეყნის განცხადებაში.
ისინი ირანს ბირთვულ პროექტზე მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
“ჩვენ მკაცრად მოვითხოვთ, რომ ირანმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს ქმედებები და აღარ გადადგას საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან შეუთავსებელი ახალი ნაბიჯები” - ნათქვამია განცხადებაში.
2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. შეთანხმებას მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა. ამ ქმედებამ მეტი კითხვა გააჩინა ხელშეკრულების ქმედითუნარიანობასთან დაკავშირებით.