სამთავრობო ცვლილებები

Le Figaro: ღარიბაშვილს არ გააჩნია სიმტკიცე, ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია, ამბობს დასავლელი დიპლომატი

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: pirveliradio.ge

ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: "საქართველო – პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით". 

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იმ პოლიტიკური კრიზისის ნაწილია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს უკავშირდება და სადაც რუსეთი აქტიურადაა ჩართული.

"რუსეთმა დიდი ხანია, დაკარგა 3.7 მილიონი ქართველის კეთილგანწყობა, თუმცა ახალი კრიზისი, რომელმაც შეძრა ეს კავკასიური ქვეყანა, მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა".

სტატიაში წერია, რომ 2019 წელს თანამდებობის დატოვება მოუწია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ მის სავარძელს რუსი დეპუტატი იკავებდა. 

"უკანასკნელ დღეებში ცეცხლს ნავთი გავრილოვმა შეუნთო, რომელმაც შეაქო მმართველი პარტია. მისი თქმით, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფო გადატრიალება, რეპრესია და დიქტატურა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ნიკა მელიას მხარდამხარ დაგმეს მოსკოვის ბრძანებების შემსრულებელი ქართული მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ხშირად პოლიტიზებულია". 

18 თებერვალს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 38 წლის ფრანგულად მოსაუბრე ღარიბაშვილის უკვე ეკავა ეს თანამდებობა 2013 - 2015 წლებში და მან საკმაოდ ცუდი მოგონებები დატოვა. – წერია სტატიაში. 

"ღარიბაშვილს არ გააჩნია სიმტკიცე, ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია". – ამბობს საქართველოს პოლიტიკურ საკითხებში გარკვეული დასავლელი დიპლომატი Le Figaro-სთან ინტერვიუში. 


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები