არჩევნები 2020

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვები მოუხსნა

ტაბულა

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვები მოუხსნა.

ამასთან ერთად, ნიკა მელიას აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო ორგანოებისთვის შეტყობინების გარეშე.

მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ აქამდე დაწესებული ყველა შეზღუდვა არაკონსტიტუციური იყო.

"ნიკა მელიას გაუუქმდა ყველა ის შემზღუდავი ღონისძიება, რაც ჩვენ პირველივე დღიდან არაკონსტიტუციურად მიგვაჩნდა, ეს არის ელექტრონული მონიტორინგი, ეს არის მოქალაქეებთან კომუნიკაცია, საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი, რომელიც ჰქონდა ჩაბარებული.

მოსამართლემ გირაოს ნაწილში თანხა გაზარდა 40 000 ლარით, რაც ჩვენი ღრმა რწმენით არის აბსოლუტური აბსურდი, იქიდან გამომდინარე, რომ თუკი 30 000-ლარიანი გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას, 40 000-ლარიანი გირაო რანაირად შეძლებს ამას". - თქვა მელიას ადვოკატმა.

რაც შეეხება გირაოს თანხის გადახდას, კონდახიშვილის თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაელოდებიან, რას დაწერს მოსამართლე გირაოს ნაწილში და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას გადაწყვეტს, მას ამისთვის 50 დღე აქვს.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდასა და სხვა შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები