ნიკა მელიას საქმე

მელია "ოცნებას": ვერ დამიჭერთ, თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა

გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით, რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე - გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ, რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და, მითუმეტეს, არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.

კიდევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ...

წერს ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ზე. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მელიას იმუნიტეტს მოუხსნის. მანამდე, პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

კომენტარები