სამთავრობო ცვლილებები

ზვიად ყიფიანი: ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება

კლინიკა ჯერარსის კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მას ჯანდაცვის მინისტრად წარადგენს.

"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ახლობლებო, მინდა გითხრათ რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება, დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის" - წერს ყიფიანი.

ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც უარყო.

"ისე კატეგორიულად დადეთ დღეს ეს განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერმინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ამასთან დაკავშირებით თქვენი გახმოვანებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად ტყუილი“,- მიმართა მდინარაძემ მთავარ არხს.

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. 5 მარტს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს გასული კვირის ბოლომდე დაასახელებდა. მანვე ყოფილ მინისტრზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზურა აზარაშვილმა "ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე" გააკეთა.

"იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით, ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს" - ამბობდა კობახიძე.

8 მარტს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და სავარაუდოდ, პრემიერმინისტრი მის ვინაობას, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს.

"გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ თუ არ ვცდები, ორ ასევე მაღალ პოზიციაზე მიღებულია და ამის შესახებ თავადვე განაცხადებს პრემიერმინისტრი, ალბათ, ჩემი ვარაუდით იქნება მთავრობის სხდომაზე". - თქვა მან. 

მდინარაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გუნდის ლიდერებთან იყო ინტენსიური კონსულტაციები და განიხილებოდა 3-4 კანდიდატურა. 

"საბოლოო ჯამში, ბევრ ადამიანთან გაიარა მან კონსულტაცია, პარტიულადაც, ჩვენთანაც - პარლამენტის წარმომადგენლებთან და საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის ამოარჩია, მიიღო გადაწყვეტილება და ჩემი ვარაუდით, ამის გახმოვანებას მოახდენს ორშაბათს". - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

კომენტარები