მეათე მოწვევის პარლამენტი

წიკლაური სამნიძეზე: ეს იყო დაუფიქრებელი განცხადება, არაა ლოგიკა და პოლიტიკური აზრი

ტაბულა

"ვერ ვხედავ ლოგიკას" - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას. კერძოდ,  სამნიძის თქმით, თუ ხელისუფლება "გაბედავს" და დაარეგისტრირებს პარლამენტში უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს და კანონპროექტს სამივე მოსმენით დაუჭიროს მხარი.

"რესპუბლიკური პარტიდან ეს ორი ქალბატონი [ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია] იყო ყველაზე აქტიურად ჩართული გაყალბების მხილებაში, მათ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, როგორი მასშტაბური იყო გაყალბება, როგორ წაართვეს ქართველ ხალხს არჩევანი. ამიტომ, ვერ ვხედავ ლოგიკას ახლა, რომ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე ვინმე შევიდეს პარლამენტში ან გამოვიდეს.

ჩვენი პოზიცია ნათელია, ამ პოზიციის შესახებაც ხალხს არაერთგზის ვუთხარით - იმ შემთხვევაში შევა საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნება. ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. როგორი კეთილშობილური საბურველიც არ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ საკითხს, არანაირი შესვლა არ უნდა მოხდეს პარლამენტში" - განაცხადა წიკლაურმა პალიტრანიუსის ეთერში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ფიქრობს, რომ "ეს იყო დაუფიქრებელი განცხადება". მისი აზრით, უახლოეს დღეებში რესპუბლიკური პარტია დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელზეც ბოლო 3 თვის მანძილზე იყო. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ განცხადებაში არ არის ლოგიკა, არ არის პოლიტიკური აზრი. ახლა ხელისუფლების მცდელობა უმთავრესად უკავშირდება იმას, რომ როგორმე ოპოზიციაში დაქსაქსულობა შეიტანოს. არ მინდა მჯეროდეს, რომ რესპუბლიკური პარტიის ეს ორი წარმომადგენელი რამენაირად შეიძლება იყოს უნებლიედაც კი დაკავშირებული ამ მცდელობებთან.

ამიტომ, მას შემდეგ, რაც ისინი გაიაზრებენ ჩვენს პოზიციას, ლელოს, ევროპული საქართველოს და მთლიანად ოპოზიციის პოზიციას, ისინი სწორ მხარეს დარჩენას გადაწყვეტენ და არ მგონია, რომ შეუერთდნენ ფრიდონ ინჯიას ევროპელ სოციალისტებს. ასეთ რამეს მათ ნამდვილად ვერ ვუსურვებდი" - თქვა წიკლაურმა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად სამ კენჭისყრაზე დასწრების შესახებ TV პირველის 10 თებერვლის ეთერში ილაპარაკა. 

"ჩვენ მზად ვართ, რომ ქვეყნის მომავალს მივცეთ ხმა და არ მაქვს განცდა, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციურ პარტიებში იქნება რაიმე ტიპის წინააღმდეგობა, მაგრამ დისკუსია უნდა გაიშალოს.  - ამბობს ხათუნა სამნიძე.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ამ განცხადებას ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ძალიან ბავშვური" უწოდა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 113 ხმა მოგროვდება, 3%-იანი საარჩევნო ბარიერის "პრობლემა არ იქნება". რაც შეეხება 2%, 1% ან 0%-იან ბარიერს, აქ, მამუკა მდინარაძის თქმით, საჭიროა არგუმენტები და მსჯელობა. 

"იქნებ დაგვარწმუნონ, კი ბატონო. განსხვავებული აზრი არსებობს, მათ შორის გუნდის შიგნით" - თქვა მდინარაძემ რუსთავი 2-თან.


პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, 2 თებერვლის სხდომაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 9 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი ამ პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს".

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, ასევე, გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას სთხოვეს, არ გაეუქმებინათ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატები. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, გირჩი შევა პარლამენტში."

პარლამენტში უკვე შევიდა პარტია მოქალაქეების ორი წევრი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების "ფუნდამენტურ ცვლილებას" და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება.

კომენტარები