მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა

პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ქართული ოცნება, ამასთან დაკავშირებით პარტიაში პოლიტსაბჭოს ორი სხდომა ჩატარდა – ერთი გასულ საღამოს, მეორე კი დღეს დილით.  

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელი სხდომის შემდეგ თქვა, გადაწყვეტილება "პრაგმატულია" და, მისივე სიტყვებით, "კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები".

ოპოზიციურ ბოიკოტზე ამ დროისთვის მხოლოდ ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა თქვეს უარი, რომლებიც დღეს პარლამენტში შევიდნენ.

მანდატზე უარი არ უთქვამს და არც პარლამენტში შესულა იაგო ხვიჩიას გირჩი. ლიბერტარიანულ იდეებზე დაფუძნებულმა პარტიამ პარლამენტს მიმართა და სთხოვა, კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუჩერონ. იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ის მოახერხებს და პარლამენტში იმდენ ოპოზიციონერ დეპუტატს შეიყვანს, რამდენიც საჭირო იქნება 113 ხმის მოსაგროვებლად, რაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. 


ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გაყალბებისა და დაშინების ფონზე, არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მიზნით ოპოზიციურმა პარტიებმა, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან დიალოგის ოთხი რაუნდი გამართეს, თუმცა, არცერთ ამ შემთხვევაში არსებითი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის შედგება და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. 

კომენტარები