მეათე მოწვევის პარლამენტი

სამნიძე: თუ უბარიერო პროპორციული დარეგისტრირდება, მხარს დავუჭერთ, ეს არ ნიშნავს შესვლას

"თუ ქართული ოცნება ბედავს, გვთავაზობს, მზად არის, შემოგვთავაზოს უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები, მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა". - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ "ოპოზიციონერი კოლეგები გაითვალისწინებენ შექმნილ რეალობას".

ხათუნა სამნიძის მტკიცებით, "ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას, ეს ნიშნავს ხელის მიჭერას".

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის თქმით, "ხელისუფლება არ არის ადეკვატური მოცემულ რეალობაში და და ყველა ჯერზე, როდესაც აკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას ოპოზიციის მიმართ, არ ითვალისწინებს არანაირ კომპრომისს".

"სულ ამბობენ, რომ "თუ არ შემოხვალთ, არაფერს შემოგთავაზებთ" ან "შემოგთავაზებთ იმას, რაზეც საუბარია 20 ივნისიდან მოყოლებული, ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემოხვალთ". ხაზს უსვამენ, რომ 113 ხმა უნდა იყოს, რისთვისაც საჭიროა მთელი ოპოზიცია პარლამენტში და არ ითვალისწინებენ იმას, რომ ჩვენ დაწერილი გვაქვს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

ვრჩებით კოლეგების გვერდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ მანდატებს არ გამოვიყენებთ და ხელისუფლებას მივმართავთ, გააუქმონ მანდატები, როგორც ეს წერია ჩვენს განცხადებებში". - ამბობს სამნიძე და აღნიშნავს, რომ თუ ქართული ხელისუფლება არ აუქმებს მანდატებს და დაარეგისტრირებს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტიის ორი წევრი მიიღებს სამი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას.

"გატაცებულ არჩევნებში მიტაცებული ხელისუფლების პირობებში არ მივიღებთ მონაწილეობას ასეთ პარლამენტში, მაგრამ თუ გაბედავს ხელისუფლება... თუ ეს დარეგისტრირდება, მზად ვართ, ხმა მივცეთ ქვეყნის მომავალს". - ამბობს სამნიძე.

კითხვაზე, თუ აქვთ ეს შეთანხმებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ვისი სიითაც გახდნენ ის და თამარ კორძაია დეპუტატები, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს ინიციატივა არ არის ოპოზიციური შეთანხმების მიღმა.

"ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული ვართ, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, დაწერილი გვაქვს მათთან ერთად განცხადებები, დავთმეთ ჩვენი მანდატები, ანუ არ ვიყენებთ მანდატს, ამ ფარგლებში ეს ინიციატივა არ არის რაიმე ისეთი, რაც ამ პირობების მიღმაა, ჩვენ მზად ვართ, რომ ქვეყნის მომავალს მივცეთ ხმა და არ მაქვს განცდა, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციურ პარტიებში იქნება რაიმე ტიპის წინააღმდეგობა, მაგრამ დისკუსია უნდა გაიშალოს.  - ამბობს ხათუნა სამნიძე.

პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, 2 თებერვლის სხდომაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 9 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი ამ პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს".

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, ასევე, გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას სთხოვეს, არ გაეუქმებინათ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატები. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, გირჩი შევა პარლამენტში."

პარლამენტში უკვე შევიდა პარტია მოქალაქეების ორი წევრი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების "ფუნდამენტურ ცვლილებას" და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება.

კომენტარები