ხვალიდან, 2 თებერვლიდან, პარტია მოქალაქეების წევრები - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
პარტიის პრესსამსახურში პირველ არხს უთხრეს, რომ დეპუტატები პარლამენტში დილიდან მივლენ.
ცნობისთვის, მოქალაქეებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს გაასაჯაროვეს. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების "ფუნდამენტურ ცვლილებას" და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება, ხოლო განიხილება პირველ მაისამდე. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თუ საკითხები პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, მოქალაქეები პარლამენტიდან გამოვლენ.
60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს ხვალ, 2 თებერვალს უყრის.
მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართეს, ხვალინდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.
დღის მიწურულს მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა "დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს", არსებითად ერთპარტიულ პარლამენტს კი - "არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად".