მეათე მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე: სამნიძის განცხადება ძალიან ბავშვურია, 0%-იანი ბარიერი სამსჯელოა, 3%-იანი ხელში აქვთ

ტაბულა

"იცით რა, ჯერ მგონია, რომ ძალიან ბავშვური და თამაშია". - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას. სამნიძის თქმით, თუ მმართველი გუნდი უბარიერო პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რესპუბლიკური პარტია სამივე კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას და კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

"ეს უკვე თამაშია. რომელია პრიორიტეტი, 2-3-5 დეპუტატი დამატებით შემოვა თუ არა პარლამენტში, თუ 0%-იანი, 1%-იანი, 2%-იანი, 3%-იანი ბარიერით საარჩევნო სისტემა. პრიორიტეტი არის გადაწყვეტა, არგუმენტებით განსჯა იმისა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული და ამავე დროს, სტაბილური განვითარებისთვის რომელი ჯობია, ხომ არ გამოიწვევს განუწყვეტელ კრიზისებს 0%-იანი? არა? რატომ? არგუმენტებს მივიღებთ. ჩვენ ამ მსჯელობისთვის კარი გავხსენით.

როცა მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ, იქ წერია ბარიერი - 0-დან 3 პროცენტამდე... თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება, როგორც მინიმუმ, 3% ხელში უჭირავს, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევაში, უნდა ჩამოვიდეთ 2%-ზე, 1%-ზე თუ საერთოდ უბარიერო სისტემაზე, ამას სჭირდება არგუმენტები, იქნებ დაგვარწმუნონ, კი ბატონო, განსხვავებული აზრი არსებობს, მათ შორის გუნდის შიგნით, ადრეც იყო ამაზე მსჯელობა". - თქვა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, როგორია მისი პირადი პოზიცია, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, ამჯერად ფიქრობს -  "2-3% შეიძლება არ იყოს პრობლემა და შეიძლება, უკეთესიც იყოს პლურალისტური პოლიტიკური გარემოსთვის, 0%-იანი შეიძლება იყოს განუწყვეტელი კრიზისის წყარო... ამას სჭირდება ძალიან მყარი არგუმენტები".

ამასთან, მამუკა მდინარაძის აზრით, ოპოზიცია "საბოტაჟისგან" მხოლოდ იმას აღწევს, რომ მთელი ყურადღება გადააქვს სხვა საკითხებზე.

"რეალურად, აქ რა ხდება, პარლამენტი რას აკეთებს, მთავრობა რას აკეთებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რას აკეთებენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა როგორ ხორციელდება, რას ვაკეთებთ ამ ვაქცინის ჩამოსატანად, რა ხდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეს უამრავი საქმე პარალელურად მიდის, ერთადერთი რასაც ახერხებენ, მთელი აქცენტი გადმოტანილია იმაზე, რასაც ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ... ჩვენ პარალელურად საქმეს ვაკეთებთ" - ამბობს მდინარაძე.

პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, 2 თებერვლის სხდომაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 9 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი ამ პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს".

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, ასევე, გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას სთხოვეს, არ გაეუქმებინათ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატები. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, გირჩი შევა პარლამენტში."

პარლამენტში უკვე შევიდა პარტია მოქალაქეების ორი წევრი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების "ფუნდამენტურ ცვლილებას" და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება.

კომენტარები