მეათე მოწვევის პარლამენტი

ხოშტარია: ნებისმიერ სხდომაზე შესვლა არის პარლამენტის ლეგიტიმაცია

პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას თქმით, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.​ ტაბულასთან საუბარში პოლიტიკოსი აღნიშნავს, უკეთესი იქნებოდა ამ საკითხის იმ ოპოზიციურ ერთობაში განხილვა, რომლის წევრიც არის რესპუბლიკური პარტია.

ელენე ხოშტარია თვლის, რომ ნებისმიერ სხდომაზე შესვლა პარლამენტის ლეგიტიმაციაა, რაც სერიოზული შეცდომაა.

"ეს პოზიცია ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რაც თავისთავად ცუდია, იმიტომ, რომ, როდესაც პოზიციას იცვლი, ალბათ უკეთესია, გაიარო კოლეგებთან ერთად, იმ ოპოზიციურ ერთობაში, რომლის ნაწილიც არიან რესპუბლიკელები. რასაც ისინი ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ დაბეჯითებით საუბრობენ, რომ არ შედიან პარლამენტში, ნებისმიერ სხდომაზე შესვლა არის პარლამენტის ლეგიტიმაცია, ამიტომ ჩემი პოზიცია არის ცალსახა – ეს არის არასწორი, ეს არის სერიოზული შეცდომა და გადახვევა იმ პოზიციიდან, რაც აქამდე ჰქონდათ. მათ პოზიცია ყოველთვის იყო პრინციპული და ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ისინი დაფიქრდებიან, რა ზიანი შეიძლება ამან მიაყენოს არა რომელიმე ჯგუფს, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს და პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ჩვენ ყველას ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა გვაქვს". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტს კენჭისყრის დროს 3 მოსმენით მხარი დაუჭიროს და მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.


პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, 2 თებერვლის სხდომაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 9 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი ამ პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს".

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, ასევე, გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას სთხოვეს, არ გაეუქმებინათ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატები. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, გირჩი შევა პარლამენტში."

პარლამენტში უკვე შევიდა პარტია მოქალაქეების ორი წევრი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების "ფუნდამენტურ ცვლილებას" და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება.

კომენტარები