"ეს მესიჯი [სოციალური აფეთქება] რომ ჟღერდება, უკვე დამაზიანებელია მათთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის დარგსა და 6 თებერვალს დაგეგმულ აქციაზე. მისივე მტკიცებით, "სოლიდური, სერიოზული რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ" და ტურიზმის ინდუსტრია კანონმორჩილი, მშვიდობიანი ინდუსტრიაა.
"ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, დაანონსებულ პროტესტს ჰქვია სოციალური აფეთქება. სოციალური აფეთქება, ამბოხი, რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ტურიზმი - ეს არის ორ, აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსზე მყოფი ცნება.
ტურიზმი არ შეიძლება იყოს სოციალურ აფეთქებასთან. ელემენტარულად, ამ შემთხვევაში ტურისტი არ ჩამოვა და ისინი კარგავენ თავისი ბიზნესის საფუძველს.
მე დიდი კმაყოფილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომუნიკაციიდან გამომდინარე, ტურისტულ ბიზნესთან მართლა ყოველდღიური კომინიკაცია გვაქვს, ფიზიკურადაც ვხვდებით, ჩატებიც გვაქვს ერთმანეთთან, სულ ვცვლით ინფორმაციას, მართლა ძალიან უჭირთ, ბევრი პრობლემის წინაშე დადგნენ, თუმცა ბოლო მომენტამდე, სერიოზული, სოლიდური წარმომადგენლები ამ დარგის, ერიდებიან სპონტანურ პროტესტში მონაწილეობას, მათ აქვთ დასაკარგი, ისინი არიან აპრიორი კანონმორჩილი ბიზნესები, მშვიდობიანი, იმიტომ, რომ უნდა უმასპინძლონ სტუმარს, რომელიც გაურბის ისეთ ქვეყნებს და ბაზრებს, სადაც არის რაღაცა აფეთქება.
ეს მესიჯი თვითონ რომ ჟღერდება, უკვე დამაზიანებელია მათთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის" - თქვა თურნავამ Post Tv-ის ეთერში.
შაბათს, 6 თებერვალს, რესტორნები დაგეგმილ პროტესტზე უარს იტყვიან და აღარ გაიხსნებიან. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, "მთავრობის მიერ გადმოდგმული ნაბიჯის დაფასებაა", თუმცა როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, რესტორნების უმეტესობისთვის, ასეთ ამინდში რესტორნის ღია სივრცის გახსნა არაფერს ნიშნავს.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.
- გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:
- ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
- კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.
ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები შაბათს, 6 თებერვალს მსვლელობას და საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი "საზოგადოების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას" ითხოვენ".
"რჩება კომენდანტის საათი, შეზღუდვები არ მოხსნიათ გასართობ ცენტრებს, მთის კურორტებს, სასტუმროებს, უნივერსიტეტებს, ბაღების, ფიტნესის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა და პროტესტი გრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი და საზოგადოების მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება". - წერია მოძრაობა სოცაფეთქების განცხადებაში.