კორონავირუსი საქართველოში

#სოცაფეთქება - პროტესტი გრძელდება, სანამ საზოგადოების მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
ტაბულა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციები გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიებიც Facebook-ზე, #სოცაფეთქების გვერდზე განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში წერია, რომ მთავრობის მიერ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საზოგადოების მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

"ჩვენმა და საზოგადოების პროტესტმა, ნაწილობრივ შედეგი გამოიღო. მთავრობამ შეზღუდვები მოხსნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სკოლებზე, რესტორნების ღია სივრცეებსა და ბაზრობებზე. თუმცა კვლავ გრძელდება: კომენდანტის საათი, შეზღუდვები არ მოხსნიათ გასართობ  ცენტრებს, მთის კურორტებს, სასტუმროებს, უნივერსიტეტებს, ბაღების, ფიტნესის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.  ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა და პროტესტი გრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი და საზოგადოების მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება". - წერია განცხადებაში


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 7 დღის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე და ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური  ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.
  • გაიხსნება  ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
  • კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.

ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე  და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას,  ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით  და სხვადასხვა  პროგრამებით.


კომენტარები