კორონავირუსი საქართველოში

რესტორატორები: შაბათს რესტორნები აღარ გაიხსნება, გავაგრძელებთ მიტანის სერვისით მუშაობას

შაბათს, 6 თებერვალს, რესტორნები პროტესტის ნიშნად აღარ გაიხსნება. ამის შესახებ თქვა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისი თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, მთავრობის მიერ გადმოდგმული ნაბიჯის დაფასებაა, თუმცა როგორც ბურჯანაძე ამბობს, რესტორნების უმეტესობისთვის, ასეთ ამინდში რესტორნის ღია სივრცის გახსნა არაფერს ნიშნავს. 

„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა. ჩვენ, რესტორნებს, დაანონსებული გვქონდა შაბათს გახსნა და სურვილი გვქონდა, სტუმრები მიგვეღო რეგულაციების ფარგლებში. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და მიტანის სერვისით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და ეს არის იმ ნაბიჯის დაფასება გარკვეულწილად, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სარესტორნო ბიზნესისთვის დიდი ან მცირედი დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. ეს პროცესი რესტორნების დიდი უმრავლობისთვის ამ ამინდში არანაირი სარგებლის მომტანი არ არის". - ამბობს ბურჯანაძე. 

გუშინ, 4 თებერვალს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში ამოქმედდება. შაბათ-კვირას შეზღუდვა ძალაში დარჩება.  

როგორც 2 თებერვალს რესტორატორებმა თქვეს, 6 თებერვლიდან 200-ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად მუშაობის დაწყებას აპირებდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გახსნის გეგმის წარსადგენად მთავრობისთვის 1-ელ თებერვლამდე მიცემული ვადა ამოიწურა.  

გუშინ პრემიერმინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ მთავრობა აღარ დაეხმარება ორგანიზაციებს, რომლებიც რეგულაციებს მიზანმიმართულად დაარღვევენ. 

კომენტარები