შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
როგორც თბილისის პოლიციის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგისას განაცხადა, აღნიშნულ მკველობის საქმეზე, 3 პირია დაკავებული, ხოლო 2-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალი.
"შსს-ს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით სამი პირი: გ.მ, გ.კ და მ.ბ დააკავეს.
ხოლო, საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს - გ.ჯ-სა და დ.მ-ს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე, დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ-სთანდა გააჩნდათ პირადი მტრული მოტივის, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.
დაპირსიპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.
დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი, გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, გ.უ., რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა.
ასევე დგინდება, რომ გ.ჯ-მ და გ.კ-მ მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი, საბოლოოდ გ.მ-სა და დ.მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.
გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ.- მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა დაზიანება.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება სსკ-ის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.
გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი
პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით". - თქვა ვაჟა სირაძემ.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს, 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.
როგორც უძილაურის ადვოკატმა მედიას განუცხადა, საქმეში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალა არ დევს და "არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა".
როგორც მარიამ ტაბატაძემ 18 მარტს განაცხადა, გელა უძილაურმა ჩვენება მისცა, ასევე მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში.
"გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც არის განზრახ მკვლელობა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. გუშინ შევხვდი სანამ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო და საპროცესო მქონებოდეს ფარგლებში რაშიც მონაწილეობა მიიღო. არაფერზე უარი არ განუცხადებია ჩვენებაც მისცა. ამ დროისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას. გაოგნებული იყო, უშუალოდ კომუნიკაცია არ მქონია დღეს უნდა შევხვდე პირისპირ". - განაცხადა ადვოკატმა.





